დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1949 წელს დაარსდა, მუზეუმში დაცულია დუშეთის რაიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად მოპოვებული მასალები ადრებრინჯაოს ხანიდან
გვიანშუასაუკუნეებამდე, მე-19 ს-ის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები,
ქსოვილების ნიმუშები – აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მე-19 ს-ის ფარდაგები, ხალხური სამოსელი და აქსესუარები.
კერამიკის ჭურჭელი, მათშორის მოჭიქული კერამიკის ნიმუშები),
ძვ.წ. მე-8 ს-ით დათარიღებული საბრძოლო და სამუშაო იარაღი, მე-20 ს-ის დასაწყისის ვერცხლის ქამრები და ხანჯლები.
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი დაარსდა 1961 წელს. მასში დაცულია, როგორც პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, ასევე XIX და XX საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული მასალები. იქვე ინახება პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები. მუზეუმში აგრეთვე დაცულია პოეტისადმი მიძღვნილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, ფოტომასალა და სხვა. მუზეუმის ფონდში, საერთო ჯამში, 2000-ზე მეტი ერთეული ინახება.
აღნიშნული მუზეუმის გარდა შეგიძლიათ დაათვალიეროთ დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი, საოჯახო სასტუმროებად მოწყობილ შატილის კოშკებში შემონახული ადგილობრივი ყოფის ამსახველი საბრძოლო და სამეურნეო იარაღები.
დუშეთში, სოფელ კორშაში ასევე მდებარეობს ხევსურეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი – კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი, მუზეუმი დაფუძნდა 1983 წელს. მუზეუმში დაცულია ხევსურული ყოფის ამსახველი მე-18-19 საუკუნეების ეთნოგრაფიული მასალა: ქალისა და მამაკაცის ხევსურული სამოსი, სამეურნეო და საბრძოლო იარაღი, ავეჯი, სპილენძის ჭურჭელი, ასევე ფოტომასალა, რომელიც ასახავს ადგილობრივ მცხოვრებთა ყოფას, შოთა არაბულის ფერწერული ტილოები. ზაფხულის თვეებში მუზეუმში ეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშებისა და შოთა არაბულის ფერწერული ტილოების გამოფენა-გაყიდვა.
წყარო: histowns.ge
დუშეთს გაუმარჯოს!
დუშეთელებს სალამი!