უძველესი დრიოდან დღევანდელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა საქართველოს ისტორიული პროვინციის "კამბეჩოვანის " შემადგენლობაში. ის ხან კახეთის, ხანაც ჰერეთის ნაწილს წარმოადგენდა. კამბეჩოვანის მთავარი ქალაქი ხორნაბუჯი იყო, რომელიც წყაროებში პირველად ჩვ. წელთაღრიცხვის V საუკუნეში მოიხსენიება.
მეოცე საუკუნის დასაწყისში დედოფლისწყარო, როგორც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, სიღნაღის მაზრაში შედიოდა, 1938 წლიდან ის ცალკე რაიონად ჩამოყალიბდა, მაგრამ 1963 -1964 წლებში კვლავ სიღნაღის რაიონს შეუერთეს, 1965 წლიდან კი დედოფლისწყარო ისევ ცალკე ერთეულია.
სახელწოდება „დედოფლისწყარო“ ისტორიულ წყაროებში ცნობილია XI საუკუნიდან, როდესაც მეფემ დავით აღმაშენებელმა აქ სამხედრო პოსტი განათავსა. ლეგენდა კი , ,,დედოფლისწყაროს" წარმომავლობას თამარ მეფის სახელს უკავშირებს. ამ ლეგენდის მიხედვით, თამარ მეფე დავით სოსლანთან ერთად კამბეჩოვანს ეწვია და ორი კვირა ხორნაბუჯში იცხოვრა. მთის წვერზე კამკამა წყარო მოჩუხჩუხებდა. დედოფალს წყალი ოქროს თასით დაულევია და ისე მოსწონებია, უბრძანებია, წყალი ციხესთან ისე გაეყვანათ, რომ პირვანდელი სათავე არ მოეშალათ. იმავე წელს ეს წყალი თიხის მილებით ხორნაბუჯის ციხის მახლობლად მიუყვანიათ და სახელად დედოფლისწყარო უწოდებიათ . მოგვიანებით ეს სახელი იქ გაშენებულ დაბაზეც გავრცელდა .
1803 წელს რუსულმა ჯარებმა ამ ადგილას სამხედრო სადგომი დაარსეს. შეუცვალეს სახელწოდება და „ცარსკიე კოლოდცი“ უწოდეს. უფრო მოგვიანებით, საბჭოთა ხელისუფლებამ ამ ადგილს წითელწყარო ეწოდა. სახელი მთელ რაიონზე ვრცელდებოდა. 1991 წელს ქალაქმა და შესაბამისად, მთელმა რაიონმა ისტორიული სახელწოდება აღიდგინა .
წყარო: dedoplistskaro.gov.ge
დედოფლისწყაროს გაუმარჯოს!
დედოფლისწყაროელებს სალამი!