გორის ღირსშესანიშნაობები

გორის ციხე

გორის ციხე — ისტორიული ციხესიმაგრე ქართლში, ქალაქ გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა. „გორის ციხედ“ წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება. გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა; მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას მთელ შიდა ქართლზე. საუკუნეების მანძილზე გორის ციხე არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა. ძირითადი ნაწილი აღდგენილია XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომ მეფის მიერ.

დღევანდელი სახე ციხემ 1774 წელს მიიღო, როდესაც იგი საფუძვლიანად შეაკეთა მეფე ერეკლე II-მ. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების (1801) პირველ წლებში გორის ციხე კიდევ ასრულებდა თავის სტრატეგიულ ფუნქციას — აქ რუსეთის არმიის გრენადერთა ბატალიონი იდგა. შემდგომში მან დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა. ციხესიმაგრე ნაგებია რიყის ქვით; ადრინდელ ფენებში თლილი ქვაა ნახმარი. გეგმით ოვალურ ციტადელს დასავლეთიდან შედარებით უკეთ შემონახული ნაწილი — „ცხრაკარა“ ეკვრის; სამხრეთით და აღმოსავლეთით დამხმარე გალავნებია. ციხესიმაგრის თავდაპირველი შესასვლელი არ ჩანს; სამხრეთი კედლის შუაში მოთავსებულია გვიანდელი ხანისკამაროვანი ჭიშკარი. სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში პატარა ეკლესიის ნანგრევებია. ციხეს ჰქონდა გვირაბი წყლის ამოსაზიდად და წყალსაცავი. გორის ციხე მნიშვნელოვნად დააზიანა 1920 წლის მიწისძვრამ.

ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

მუზეუმი 1935 წელს დაარსდა. ამჟამად მასში დაცულია 48 100-ზე მეტი ექსპონატი, როგორიცაა: ლითონწარმოების, კედლის მხატვრობის, მცირე ფორმის ქანდაკების, ჰერალდიკისა და სახალხო სანახაობის ამსახველი მასალა; უნიკალური ვერცხლის კოლხური დიდრაქმა (ერთადერთი ყოფილ სსრკ-ში); თამარისა და დავით ნარინის მონეტები; ძვ. აღმოსავლეთისა და ანტიკური ქვეყნების მონეტები; ეპიგრაფიკული ძეგლები ქართულ და არაბულ ენებზე; ქართულ ხელნაწერების კოლექციები; მდიდარი ფოტოარქივი და სხვა. მის.: ქ. გორი, კირიონ II ქუჩა

იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი

საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის სახელობის მუზეუმი 1937 წელს დაარსდა და მასში 60 000-მდე ექსპონატი ინახება. მუზეუმის კომპლექსში შედის: მემორიალური სახლი, სადაც სტალინი დაიბადა; საექსპოზიციო შენობა – კოშკით და სტალინის პირადი ვაგონი, რომლითაც მან იმგზავრა თეირანში, იალტასა და პოტსდამში. მუზეუმში ასევე დაცულია სტალინის პირადი ნივთები. მის.: ქ. გორი, სტალინის გამზ. 32

გორიჯვარი

ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი ზღვის დონიდან 600 მეტრზე მდებარეობს. სამკურნალო ფაქტორია – მცირე მინერალიზაციის ჰიდროსულფიდური, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის. „სააბაზანო მკურნალობა“ გამოიყენება საყრდენსამოძრაო აპარატის, პერიფიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. კურორტის სეზონი ივნისიდან – სექტემბრის თვემდე გრძელდება. მის.: სოფ. დიდი გორიჯვარი

უფლისციხე

კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას. კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება.

ატენის ხეობა

ბუნერბივი მრავალფეროვნების გარდა ატენის ხეობაში უამრავ ტურისტულად საინტერესო სანახაობას ვხვდებით: დიდი ატენი – ატენის სიონი (VII ს.); ატენის (ორბელიანთ) ციხე (X-XI სს.); წეროს ეკლესიის კომპლექსი; ატენის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი; ბიისის სამკურნალო წყლები და სხვა. ატენის ხეობაში საუკეთესო ადგილებია კემპინგისათვის.

სოფელი გარდატენი

სოფელი გორის მუნიციპალიტეტში, ქ. გორიდან 6 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მასში წარმოდგენილია ისეთი ისტორიული ძეგლები, როგორიცაა: ვერეს ციხე; დანახვისის წმ.გიორგის ეკლესია; ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია; მწვანე (ფერისცვალების) საყდარი; ორსაყდრის ღვთისმშობლის ეკლესია; წედისის ციხე და ეკლესია და სხვა.

გორს გაუმარჯოს!
გორელებს სალამი!