გარდაბნის ისტორია

სტორიულ წარსულში გარდაბანი მდებარეობდა გაცილებით სამხრეთით ვიდრე ამჟამადაა, თვით ტოპონიმი გარდაბანი  მოდის (ქართლის ცხოვრების მიხედვით ქართლოსის ძე გარდაბოსიდან). ქართლოსიდან. ქართლოსის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ ქართლოსის ქვეყანა გაანაწილა შვილებს შორის გარდაბოსს ერგო მხარე სამხრეთით მწარე წყლიდან (ამჯამინდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკა) ჩრდილოეთით ლოჭინის ხეობა, დასავლეთით თრიალეთის ქედი, აღმოსავლეთით მდ. იორი.  იმავე ქართლოსმა თავის სიცოცხლეში ორი ქალაქი სამშვილდე ანუ ორბეთი და ხუნანი ანუ შემდგომი გარდაბანი დაარსა. აქედან კარგად ჩანს რომ ქართველთა ეთნოგენეზი გარდაბნის საერისთავოს ტერიტორიაზე (შემდგომში ქართველთა ველად წოდებული  ტერიტორია) მიმდინარეობდა.

ფაქტიურად ქართლის ცხოვრება გვაძლევს სურათს მთისა და ბარის ერთობის,  საზოგადოების ეკონომიკური არსებობის არიალის საფუძვლებს. შემდგომში აქვე ვითარდებოდა ქართული სახელმწიფო (მცხეთის დედაქალაქად ქცევის დრომდე).

ქართლის მეფე ფარსმან ქველის მეფობის დროს რუსთავიდან გარდაბნის ველზე გაჭრეს არხი, რამელიც ამჟამინდელ არხს ემთხვეოდა, ამ არხმა დასაბამი მისცა დიდი სასოფლო არეალის ათვისებას გარდაბნის მხარეში.

შემდგომი გარდაბნის ხსენება დროში ემთხვევა ვახტანგ გორგასალის პერიოდს, იმისათვის, რომ გორგასალს განემტკიცებინა სამეფო ხელისუფლება მან დედაქალაქი თბილისში გადმოიტანა და ამავე დროს საქართველო დაყო საერისთავოებად. ერთ–ერთი  იყო გარდაბნის საერისთავო, რომელიც წარმოადგენდა მნიშვნელოვან   თავდაცვით ფორპოსტს.  გადმოცემით სოფ. საცხენისში წმ. გიორგის ეკლესიაში, სამგორის ტრაგიკული ბრძოლის დროს  დაღუპული ვახტანგ მეფე მცხეთაში გადასვენებისას, გზად ესვენა ამ ეკლესიაში.გარდაბნის თავადები ვარაზ ბაკურის ძენი იყვნენ. არაბობის პერიოდში გარდაბანმა თავისი მნიშვნელობა ნაწილობრივ დაკარგა, მაგრამ დავითის შემდგომ აქ ამ ტერიტორიაზე ისევ იწყება აღმშენებლობის პერიოდი. საქართველოს ოქროს ხანის პერიოდში   შენდება ისეთი ბრწყინვალე ისტორიული ძეგლები როგორიცაა ბეთანია. ისტორიული ქარტეხილების გამო  მრავალმა ძეგლმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ყველაზე ტრაგიკული პერიოდი გარდაბნის ისტორიაში იყო 1265 წელი, ეს ის პერიოდია როდესაც ოქრო ურდო ებრძოდა ირანის მონღოლ ოლღუზების დინასტიას. ბერქა ყაენმა 1265 წელის ზამთარი გაატარა ამჟამინდელ გარდაბნის და დავით გარეჯის ველებზე, მისმა 300 000 – იანმა არმიამ სრულიად მოსპო და დაანგრია აქ არსებული ყველა დასახლებული ქალაქი თუ სოფელი. ამის შემდეგ თითქმის 400 წელი გარდაბანი როგორც ქალაქი ან დასახლება აღარ არსებობდა, ერთადერთი თუ გარდაბნის მხარეს აღნიშნავდნენ ეს იყო იმ დროს, როდესაც დგებოდა სანადირო სეზონი, მდ. მტკვრის ჭალები სავსე იყო ნადირით და ამიტომ აქ ხშირი იყო სამეფო ნადირობის მოწყობა. აქ ნადირობდა გიორგი სააკაძე,  თეიმურაზ პირველი, შაჰ–აბასს პირველი, როსტომ მეფე და სხვა. გარდაბნის ველი კი გადაიქცა დიდ ჭაობიან ადგილად, რომელსაც გაზაფხულსა და ზაფხულში ყველა ერიდებოდა, რადგანაც აქ ამ დროს ველი ჭაობდებოდა და შეუძლებელი იყო ცხოვრება.

1835–1845 წ.წ. რუსეთის იმპერიის მეფისნაცვალი კავკასიაში მიხეილ ვორონცოვი იყო, რომელმაც გარდაბნის მტკვრის ჭალების სანადირო პოტენციალი დადებითად შეაფასა და აქ ააშენა თავისი სანადირო სასახლე (ამჟამინდელი არქივის და მერიის შენობები).

1864–1866 წ.წ. თბილისში არსებულმა „კავკასიაში ქრისტიანობის გამავრცელებელმა საზოგადოებამ „ შეაგროვეს თანხა რომლითაც დაიწყო მდ. მტკვრიდან, ძველი კალაპოტით არხის აღადგენა. (ინჟინრები იყვნენ ბელგიელები ბელი და გამბა). ამის შემდეგ დაიწყო გარდაბნის ველის ინტენსიური ათვისება, გადმოასახლეს გლეხები ნიჩბისიდან, მცხეთიდან, თბილისიდან, მუღანის ველებიდან და სხვა ადგილებიდან.

1871 წ. გარდაბნის ტერიტორიაზე გაიარა ბაქო–თბილისი–ფოთის რკინიგზა, რამაც ეს მხარე უფრო მჭიდროდ დააკავშირა ძირითად ეკონომიკურ რეგიონებთან, რკინიგზის გაყვანას მოყვა მრავალი სოფლის დაარსება, დაიწყო სკოლების გახსნა ერთ ერთი პირველი სკოლები გაიხსნა სოფ. მარტყოფში, ქესალოში, ნორიოში. ამ პერიოდში გარდაბანი მოიხსენიებოდა როგორც ყარაიაზის უბანი.

მეოცე საუკუნის 20–30 იან წლებში გარდაბანი ისევ წარმოადგენდა განაპირა მიყრუებულ ადგილს, სადაც კარგი გზაც კი არ არსებობდა.ამავე საუკუნის 40–იანი წლებიდან იწყება ქ. რუსთავის მშენებლობა რასაც მოყვა გარდაბნის ტერიტორიაზე მრავალი საწარმოს და ახალი სოფლების დაარსება. 1954 წლიდან იწყება სამგორის დიდი არხის მშენებლობა რამაც საშუალება მისცა აეთვისებინათ 54 000 ჰა. მიწის ფართობი შეიქმნა ახალი სოფლები: ახალი სამგორი, გამარჯვება, ვაზიანი, ნასაგური, ნაგები და სხვა. ქ. თბილისის გაზრდით გარდაბნის რაიონს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა რადგანაც რაიონი ძირითადად გარს არტყავს თბილისს და საგარეუბნო წარმოება მნიშვნელოვანი იყო როგორც რაიონისთვის, ისე რუსთავისა და თბილისისათვის.

მე–20 საუკუნის 60–იანი წლებიდან გარდაბანში დაიწყო მძლავრი თბოელექტროსადგურის „თბილსრესის“ მშენებლობა.ამჟამადაც გარდაბანში მიმდინარეობს კიდევ ერთი დიდი ელექტრო სადგურის მშენებლობა რაც კიდევ უფრო ზრდის გარდაბნის მნიშვნელობას როგორც ელექტროენერგიის მწარმოებელ კერას.

დღესდღეისობით გარდაბნის მუნიციპალიტეტი საქართველოსთვის წარმოადგენს ერთ- ერთ მძლავრ სასოფლო სამეურნეო, სოციალურ და კულტურულ რეგიონს, აქ თავმოყრილია დიდი საწარმოები, მათ შორის აგროსაწარმოები,სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებები, ისტორიული და კულტურული ობიექტები, ისეთები როგორიცაა: შავნაბადას მონასტერი, კუმისის დედათა ეკლესია, მარტყოფის ღვთაების მონასტერი, საცხენისისა და ნორიოს ეკლესიები,

ამჟამად გარდაბნის მუნიციპალიტეტი თავისი სტრატეგიული მდებარეობით წარმოქმნის  რეგიონის განვითარების მრავალ პერსპექტივას. მასზე გადის მნიშვნელოვანი საერთაშორისო კომუნიკაციები; რკინიგზა, საავტომობილო გზები, მილსადენები და სხვა.

მასალები მოამზადა: გოჩა ომაიძემ

gardabani.gov.ge

გარდაბანს გაუმარჯოს!
გარდაბნელებს სალამი!