თერჯოლის შესახებ

თერჯოლის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანაში სახლობდა, ამას თერჯოლაში არსებული გამოქვაბულებიც ადასტურებს, სადაც ქვის იარაღები და სხვა არტეფაქტებია გამოვლენილი. კარგადაა ცნობილი ცნობილი საკაჟიასა (სოფელი გოდოგანი) და საგვარჯილეს გამოქვაბულები. რაიონში ასევე აღმოჩენილია ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის ნამოსახლარები და სამაროვნები, რაც ცხადყოფს რომ ამ ტერიტორიებზე ადამიანის განვითარების თითქმის ყველა ეტაპზე არსებობდა დასახლებები. ანტიკურ პერიოდში აქ განვითარებული იყო ვაჭრობა და ხელოსნობა. თერჯოლის ისტორიულ წარსულში და ასევე ისტორიული კოლხეთის, შემდეგ კი ეგრის-ლაზიკის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალაქები, ჩიხორი და ჩხარი, აქტიურ როლს ასრულებდა. თერჯოლა მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა შუასაუკუნეებშიც. ცნობილია V საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი სკანდას ციხე, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. აქ გადიოდა დიდი სავაჭრო საქარავნო გზა – „აბრეშუმის გზა”. XVII საუკუნეში სამეგრელოს მთავარმა, ლევან მეორე დადიანმა, არაერთხელ ილაშქრა ამ მხარეში, რის შედეგადაც ჩხორიცა და ჩიხორიც განადგურდა და ნელ-ნელა მოსახლეობისგან დაიცალა. XVIII საუკუნის 30-იან წლებში ქალაქები კვლავ აღდგა. თერჯოლის ტერიტორიაზე არსებულმა დასახლებებმა, ისევე, როგორც სრულიად იმერეთმა მრავალი დაღმასვლა და აღმასვლა განიცადა. იგი ცალკე რაიონი 1930 წელს გახდა და ჩხარის რაიონი ეწოდებოდა, 1950 წელს თერჯოლის რაიონი გახდა, 2008 წლიდან კი მუნიციპალიტეტის სტატუსი აქვს. დღესდღეობით იგი განვითარებული რაიონია, აქ ფუნქციონირებს 3 თეატრი, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და სხვა კულტურული დაწესებულებები. თერჯოლაში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მევენახეობა, მებოსტნეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა. მუნიციპალიტეტში ასევე არის ჩაისა და ღვინის ქარხნები. რაიონში არის ჰიდროელექტროსადგური "ძევრულაჰესი". მუნიციპალიტეტში მოიპოვება წიაღისეულიც, როგორიცაა: ქალცედონი, კირქვა, სპონგოლითი, მარმარილო, საკრამიტე და სააგურე თიხა, ეკლარი და სხვა. თავად სახელწოდება თერჯოლა მკვლევართა აზრით თეთრ ბჟოლას (ანუ თუთას) უნდა ნიშნავდეს. მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. ჯადოსნური კარსტული მღვიმეები, ჩანჩქერები, ციხე-სიმაგრეები თუ უძველესი ტაძრები უამრავ მნახველს იზიდავს და გულგრილს არავის ტოვებს.

წყარო: georgiantravelguide.com

თერჯოლას გაუმარჯოს!
თერჯოლელებს სალამი!