თელავის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში. 1917 წლამდე მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში, 1930 წლიდან კი ყალიბდება ცალკე რაიონად. 2006 წლიდან ეწოდა მუნიციპალიტეტი, 2014-2017 წლებში მუნიციპალიტეტიდან გამოყოფილი იყო ქალაქი თელავი.
ისტორია
ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე დასახლება საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ, სავაჭრო და საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1801) შემდეგ შეიქმნა ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული თელავის მაზრა, რომელიც მოიცავდა ალაზნის ხეობის ზემო ნაწილს. დიუბუა დე მონპერეს ცნობით (1834) მაზრის მოსახლეობა 47000 ადამიანი იყო. თელავის მაზრაში განვითარებული იყო მეღვინეობა, ვენახებს ეჭირა 7 ათასი დესეტინა მიწა და ისხმებოდა 31360000 პინტა ღვინო. მეღვინეობის საუკეთესო ადგილები იყო კონდოლი, ყვარელი და წინანდალი. 1841 წელს მაზრა დაიყო თელავის, ყვარლის, სიღნაღის, უკანამხრის, თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის უბნებად. 1842 წელს თელავის მაზრას ჩამოაშორეს თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის უბნები და მათგან დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეული შექმნეს. 1844 წელს აღადგინეს სიღნაღის მაზრა, თელავის მაზრა კი თელავისა და ყვარლის უბნებად დაყვეს. 1874 წელს თელავის მაზრას თიანეთის მხარეც ჩამოსცილდა. 1891 წელს თელავის მაზრა იყოფოდა ქალაქ თელავის (11214 მცხ.), ყვარლისა (20543 მცხ.) და წინანდლის უბნებად (33362 მცხ.). სულ მაზრაში შედიოდა ერთი ქალაქი და 61 სოფელი. მისი ტერიტორია შეადგენდა 2523,43 კმ2-ს.[4]
1930 წლიდან თელავის მაზრა გაუქმდა და მის ნაცვლად შეიქმნა რამდენიმე რაიონი, მათ შორის ერთ-ერთი იყო თელავის რაიონი, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა ქალაქი თელავი. 2006 წლიდან თელავის რაიონს ეწოდა „თელავის მუნიციპალიტეტი“. 2014 წელს მუნიციპალიტეტს გამოეყო ქალაქი თელავი.[5]
თელავს გაუმარჯოს!
თელაველებს სალამი!