თელავი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", "მატიანე ქართლისაი", ჟამთააღმწერელი, XVIII ს-ის ისტორიული საბუთები, პაპუნა ორბელიანის "ამბავი ქართლისანი", დავით ბაგრატიონის "ახალი ისტორია", ბაგრატ ბაგრატიონის "ახალი მოთხრობა", იოანე ბაგრატიონის "ქართლ-კახეთის აღწერა", მისივე "კალმასობა", ომან ხერხეულიძის "მეფობა ირაკლი მეორისა", თეიმურაზ ბაგრატიონის "ახალი ისტორია", ჩილდირის ვილაიეთის ჯაბა დავთარი, ჟან შარდენის "მოგზაურობა", იოჰან გიულდენშტედტის "მოგზაურობა საქართველოში"
თელავი, კახეთი, საქართველო.
ვახუშტი ბაგრატიონი თელავის შესახებ გადმოგვცემს: "გულგულას ქუეით, თურდოს ხევის სამხრით, არს თელავი"
მდებარეობს ცივი მთის ბორცვზე, ზღვის დონიდან 500-800 მ-ზე. ქ. თელავის ტერიტორიაზე.
წყაროებში პირველად XI ს-ში იხსენიება. კვირიკე III-ის დროს (1010-1037) თელავი კახეთ-ჰერეთის გაერთიანებული სამეფოს ცენტრი გახდა. 1068 წ. განძის მმართველი ფადლონი ქართველებმა შეიპყრეს და თელავში მჯდომ აღსართანს მიჰგვარეს. XII ს-ში თელავი სამეფო ქალაქია. XIII ს-ში მონღოლთა მიერ დაწინაურებულმა სადუნ მანკაბერდელმა დემეტრე II-ისაგან თელავი მიიღო. XIII ს-ის მეორე ნახევრიდან თელავის ძლიერება ეცემა. XV-XVI სს-ში კახეთის მეფეებს პოლიტიკური ცენტრი თელავიდან გრემში გადააქვთ. XVII ს-ში კახეთში გამეფებულმა არჩილმა რეზიდენცია თელავში გადაიტანა. ამასთან განაახლა თელავის სასახლე და ეკლესიები. 1722 წ. თელავი რუსთავის სადროშოში შედიოდა. 1706 წ. დავით III იმამყულიხანმა ლეკთა შემოტევების გამო კახეთის დედაქალაქი ყარაღაჯიდან თელავში გადმოიტანა. 1723 წ. ლეკთა გააქტიურების გამო მაჰმადყულიხანმა თელავი გაამაგრა. 1731 წ. კახელებმა ფშავიდან თეიმურაზ II ჩამოიყვანეს და თელავში გაამეფეს. 1745 წ. ბაზიერთუხუცეს ყორჩიბაშიშვილის ვაჟებმა ზაალმა და ვახუშტიმ თელავში "ღვთაების ეკლესია" ააშენეს. 1753 წ. ერეკლე II-მ თელავის ციხე-სასახლის გალავნის მშენებლობა დაასრულა. 1798 წ. თელავში გარდაიცვალა ერეკლე.
დათოვლილი თელავი.
არსებობს მოსაზრება, რომ ახ. წ. II ს-ის ბერძენი გეოგრაფის კლავდიოს პტოლემაიოსის "გეოგრაფიაში" დასახელებული ქალაქი "თელაივა-თელადა" იგივე თელავია. თელავი "თუბლას" სახელით მოხსენიებულია X ს-ის არაბულ წერილობით წყაროშიც. IX-X სს-ში უმოკლესი გზა თბილისიდან დარუბანდისაკენ გადიოდა თელავზე. X ს-ში ჰუვეიდან შაქს მიმავალი გზაც თელავს კვეთდა. შირაქის ველი (კახეთ-ჰერეთის საძოვრები) კავკასიონის საზაფხულო საძოვრებს თელავის გავლით უკავშირდებოდა.
თელავი წლების წინ.
თელავის შემოგარენში, სოფ. კურღელაურთან, ნასოფლარ ფოხოლაურებში გამოვლინდა ადრე და განვითარებული შუა საუკუნეების ნასოფლარი და ოთხი ბაზილიკური ტიპის ეკლესი: "დიდი ეკლესია", "პატარა ეკლესია", "ყვავიჭამია" და "ღვთის ეკლესია". ეკლესიების ნანგრევებია შემორჩენილი. გაითხარა "პატარა ეკლესია" – სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპისა. ნაგებია რიყის ქვით კირხსნარზე. გადახურული ყოფილა კრამიტით თითოეულ ნავს ნალისებური აფსიდა აქვს. იატაკი მოლესილია კირხსნარით. ნავები ერთმანეთს უკავშირდება თითო კარით. შუა ნავი ფართო და მაღალია. ჩრდილო და სამხრეთ ნავებს აქვს ორ-ორი ღია თაღოვანი შესასვლელი. ეკლესია VI-VII სს-ით თარიღდება.
თელავის შემოგარენში, სოფ. რუისპირთან, ნასოფლარ არტოზანში, სადაც მოღვაწეობდნენ სირიელი მამები – შიო და ანტონი, გაითხარა სამონასტრო კომპელქსი "ყველაწმინდის" ეკლესია, საცხოვრებელი ნაგებობა, სვეტებიანი შენობა და მარანი. "ყველაწმიდა" სამეკლესიანი ბაზილიკაა. აქვს სამი აფსიდა. ნაგებია რიყისა და შირიმის ქვით კირხსნარზე. მთავარი ეკლესიის აფსიდა ნალისებურია, შუა დატანილი აქვს ფართო სარკმელი, რომლის ორივე მხარეს ნიშებია. საკურთხეველი გამოყოფილია გვიანდელი კანკელით. ცენტრალური ნავის ოთხი კარი უკავშირდება სამხრეთ და ჩრდილოეთ ნავებს, გარშემოსავლელს და სამსხვერპლოს. არტოზანის "ყველაწმიდის" ეკლესია VII-VIII სს-ით თარიღდება.
"ყველაწმიდის" ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 10 მ დაშორებით გამოვლინდა მართკუთხა ფორმის შენობის ნაშთი, რომელიც ნაგები იყო საგანგებოდ შერჩეული რიყის ქვისგან. შენობაში აღმოჩნდა სამი პილონი. ნაგებობა რამდენჯერმე გადაუკეთებიათ. მეორე სართული დაუშენებიათ, ქვედა სართული კი მარნად გამოუყენებიათ. მარანში რიყის ქვითა და კირით ნაშენი სამი საწნახელი აღმოჩნდა. საწნახელის ორ მხარეზე რიყის ქვით აშენებული აუზებია. მარანი XVI-XVII სს-ით თარიღდება. მის გვერდით გამოვლინდა რიყის ქვითა და კირით ნაგები ოთხკუთხა ფორმის ორსართულიანი შენობა, რომელიც ოთხ სვეტზე იდგა. პირველი სართული სამეურნეო სათავსოები იყო, მეორე – საცხოვრებელი. სართულები ქვის კიბით იყო დაკავშირებული.
თელავში, მაწანწარისა და თელავის ხევებს შორის, ყადორის ბორცვზე და მის მიდამოებში მდებარე "ძველი გალავნის" ტერიტორიაზე გაითხარა XI-XIII სს-ის ე.წ. ხელოსანთა უბანი, რომელიც ადრე შუა საუკუნეების ნამოსახლარზე იყო გაშენებული. ფენები არეული და დაზიანებული იყო. კერამიკული მასალის მიხედვით ქვედა ფენა დათარიღდა VI-VIII სს-ით.
"ძველი გალავნის" დასავლეთ ნაწილში გაითხარა ციხე-დარბაზი (4403 კვ. მ.), რომელსაც შემოვლებული აქვს გალავანი, ნაგები თანაბარი ზომის რიყის ქვებით კირხსნარზე. მისი კედლები შიგნიდან სწორია, გარედან ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით დაშორებული ნახევარწიული ბურჯები აქვს. გალავანი X-XI სს-ით თარიღდება. ციხე-დარბაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით გამოვლინდა ნაგებობათა ნაშთები (3000 კვ მ). "ძველი გალავნის" ციხე-დარბაზი, რომელიც X-XI სს-ით დათარიღდა, კახეთის ქორეპისკოპოსთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ნაგებობეში აღმოჩნდა XI-XIII სს-ის მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ჭურჭელი, ფაიანსის ჭურჭლის ნატეხები, მინის სამაჯურები და თიხის სოლის ნატეხები.
ციხე-დარბაზის სამხრეთით გამოვლინდა საცხოვრებელი ნაგებობებისა და კერამიკული სახელოსნოს – ქურის ნაშთები. სამეურნეო ქურის კედელი ნაგები იყო რიყის ქვითა და კირით. "ძველი გალავნის" ციხე-დარბაზში გამოვლინდა გვიან შუა საუკუნეების ნაგებობის ნაშთები. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი მასალა ინახება გ. ჩუბინაშვილის სახ. თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
"ძველი გალავნის" ციხე-დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მდებარეობს "გორიჯვრის" წმინდა გიორგის XVI ს-ის ეკლესია, რომელიც XVIII ს-ში გადაუკეთებიათ. "ძველი გალავანთან" არის წყარო, რომელსაც ქვაზე სპარსულად აწერია "ჰაჯი-ბენ-სალიან".
თელავის ცენტრალურ უბანში, კაკლის ხევსა და ბატონის წყაროს შორის მოთავსებულ პლატოზე მდებარეობს "ბატონის ციხის" კომპლექსი, რომელიც შედგება: გალავნის, სასახლის, ორი კარის ეკლესიის, აბანოს, გვირაბისა და გალავნის გარეთ მდებარე მრგვალი ბურჯისაგან. აქ XVII-XVIII სს-ში მეფეთა რეზიდენცია იყო. "ბატონის ციხის" მშენებლობაში ორი ეტაპი გამოიყო: I. XVII ს-ის მეორე ნახევარი, არჩილ მეფის მიერ აშენებული. II. XVIII ს-ის მეორე ნახევარი, ერეკლე II-ის ფროინდელი "ბატონის ციხის" გალავანი (2,5 ჰა) ნაგებია ქვითკირით. კედელი ქონგურებიანია, სათოფურებით. გალავნის კუთხეებში ოთხი მრგვალი ბურჯია. ჩრდილოეთ მხარეს გალავნის კუთხე ისეა შეჭრილი, რომ "ბატონის ციხის" ტერიტორიას თითქოს ორად ყოფს. გალავნის აღმოსავლეთით ორსართულიანი კარიბჭეა, რომელიც გადახურულია შეისრული კამარით. თარიღდება XVII ს-ით. გალავნის დასავლეთი კედლის შუაში მეორე შესასვლელია, ორსართულიანი. ქვედაში ფართო გასასვლელია. გვერდზე კიბეა მეორე სართულზე ასასვლელად. მეორე სართული გადაუხურავი ბაქანია, რომელიც შემოზღუდულია მაღალი, კბილანებით დაბოლოებული კედლებით. აქვს სათოფურები, სალოდეები. აგებულია XVIII ს-ში. სასახლესთან დგას არჩილის კარის ეკლესია – დარბაზული ტიპის მცირე სამლოცველო. ნაგებია რიყის ქვით კირხსნარზე გეგმით სწორკუთხაა. ამჟამად გადაკეთებულია
"ბატონის ციხის" ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს ერეკლე II-ის კარის ეკლესია, ანუ "სობოტო". ეკლესია დარბაზულია. ნაგებია აგურით. აფსიდა მომრგვალებულია. მასი ხუთი ღრმა ნიშია. შემოსასვლელი ჩრდილოეთიდან და სახრეთიდანაა. დასავლეთ კედელთან მიდგმულია სათავსი. ეკლესიის სხვენში დაყოლებულია სათოფურები. ეკლესია აშენებულია 1758 წელს. შემდგომში კარის ეკლესია სამრევლო ეკლესიად გადაკეთდა. ეკლესიის მახლობლად გალავნის ბურჯზე დგას სამრეკლო. ერეკლე II-ის კარის ეკლესიაში ინახებოდა წარწერიანი ხატები და ნივთები: 1. მთავარანგელოზების – მიქაელისა და გაბრიელის ხატი, ოქროსი, 1589 წ. რელიგიური ხასიათის წარწერით. 2. მაცხოვრის ხატი, ოქროსი, 1574-1605 წწ. ხუცური წარწერით: "… მეფისა ალექსანდრეს და თანამეცხედრესა ჩუენსა დედოფალსა თინათინ რომელმან მოვჭედე ხატი ესე მაცხოვრისა…" 3. იოანე ნათლისმცემლის ხატი, ვერცხლისა, რელიგიური ხასიათის წარწერით. 4. ხომლი ვერცხლისა, 1783 წ. მხედრული წარწერით. ხატები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმში).
სასახლის ეზოს სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მდებარეობს "ერეკლეს აბანო". შემორცენილია ოთხკუთხა, გუმბათით გადახურული საბანაო ოთახი აუზითა და საქვაბით, რომლის ქვეშ ღუმელია. აბანოს კედლები მოხატული ყოფილა, რომლის ფრაგმენტები შემორჩენილია ჩრდილო და აღმოსავლეთ კედლებზე.
სასახლე წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმის დარბაზია, რომელსაც სამი მხრიდან კორიდორი აკრავს. კორიდორის კუთხეებში კვადრატული სადგომებია, რომელთაგან ხუთი კამარითაა გადახურული. დარბაზსა და ოთახებს სარკმლები აქვს. სასახლე აგებულია XVII ს-ში არჩილ მეფის დროს. გადაკეთებულია XVIII ს-ში ერეკლე II-ის დროს.
ერეკლე II-ის სასახლის ოთახზე გადაკეთებულია მარმარილოს მემორიალური დაფა, ქართული და რუსული წარწერით: "აქ აღესრულა საქარელოს მეფე ირაკლი თეიმურაზის ძე 1798 წლის 11 იანვარს. სასახლე ესე შეკეთებულია კავკასიაში მეფის ნაცვლის თავად კორნილოვის ბრძანებით 1845 წ."
"ბატონის ციხი" ჩრდილო-დასავლეთით გადაჭრილია გვირაბი – კირხსნარზე ქვით ნაგები დახურული დერეფანი, სადაც მოწყობილი იყო წყაროსთან ჩასასვლელი კიბე.
გალავნის გარეთ დგას "ბურჯი" (დმ 14 მ, კედლის სისქე 2,55 მ). "ბურჯი" ცილინდრული ნაგებობაა, კირხსნარზე რიყის ქვით ნაგები. აქვს მიწატკეპნილი იატაკი. აშენდა XVIII ს-ის 70-იან წლებში ზარბაზნის დასადგმელად. იქ იდგა თეიმურაზ II-ის და ერეკლე II-ის მიერ ყარაბაღის ხანთან 1750 წ. ბრძოლაში მოპოვებული ზარბაზანი – ჯევანშირ ფანა.
"ბატონის ციხის" სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას "ვახვახიშვილების ციხე". შემორჩენილია ხუთი ბურჯი და აღმოსავლეთი კედლის ნაწილი. ციხე ნაგებია ქვითა და დუღაბით. ბურჯები გადაუკეთებიათ და საცხოვრებლად გამოუყენებიათ. ციხის ეზოში იდგა ეკლესია, რომელსაც აღმოსავლეთი მხრიდან მიშენებული ჰქონდა ეკვდერი. მასზე იდგა სამრეკლო. ეკლესიის მახლობლად ეგდო ქვა სამშენებლო წარწერით, რომლის მიხედვითაც ციხე აგებული ყოფილა 1743 წ. ბაზიერთუხუცესის ზაალისა და მისი ძმის, ვახუშტი ვახვახიშვილების მიერ ამჟამად ქვა დაკარგულია. ეკლესიის სამრეკლოზე 2 ზარია მხედრული წარწერით: ვახვახიშვილ ბაზიერთუხუცესის და ზაალ მანდატურთუხუცესის შესაწირი.
"ღვთაების ეკლესიის" ნამოსახლარ ბორცვზე დგას ყორჩიბაშიშვილ-რუსიშვილების ციხე. შემორჩენილია 3 ბურჯი და სამხრეთი კედლის ნაწილი. ციხესთან აღმოჩნდა ნაგებობის ნაშთები სათავსოები, რომლებიც ნაშენი იყო რიყის ქვითა და დუღაბით. ციხის დასავლეთით აგურის შეისრული კარია. მასთან ახლოს – გვიანი შუა საუკუნეების ნასახლარი. ყორჩიბაშიშვილების ციხე XVIII ს-ის ძეგლია. ამ ციხეში იდგა ფერიცვალების სამნავიანი ბაზილიკა. ნაგებია ქვით კირხსნარზე. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. შუა ნავი ამაღლებულია. დასავლეთით ეკლესიას მიშენებული აქვს ეკვდერი, რომელზედაც სამრეკლო დგას. ეკლესიის კედლებში სათოფეებია. ეკლესია განუახლებია ბეჟან ყორჩიბაშს XVI ს-ში. ეკლესიაში იყო წარწერიანი ხატები და ნივთები.
თელავსა და მის მიდამოებში სხვადასხვა დროის მონეტებია აღმოჩენილი. თელავში აღმოჩნდა XIII ს-ის 60-იან წლებში მოჭრილი ყაანური II ტიპის მონეტები. ჰულაგუიდ ოლჯაითუს (1304-1316), ქალაქს მახუდიაში მოჭრილი ორმაგი დირჰემი და ჰულაგუიდ მუჰამედის (1336-1338) მოჭრილი მონეტები.
თელავში გამოვლინდა გვიანი შუა საუკუნეების მონეტები: 1. სეფიანი აბას I-ის მიერ ისპაჰანში მოჭრილი. 2. XVI ს-ის სეფიანი სულეიმანის თბილისში მოჭრილი. 3. ევროპული მონეტების განძი, რომელთანაგ ყველაზე ადრინდელია კარლოს V-ისა და ყველაზე გვიანდელი საქსონიის ჰერცოგ ავგუსტუსის სახელით მოჭრილი. 4. ერეკლე II-ისა და თეიმურაზ II-ის მონეტები, 1752-1755 წწ. მოჭრილი. 5. განჯური მონეტა ერეკლე II-ის დამღით. 6. გიორგი XII-ის სახელით მოჭრილი ქართული მონეტები; 1953 წ. თელავში, პირველი მაისის ქუჩაზე გამოვლინდა კონსტანტინე X-ის ოქროს მონეტა. 1936 წ. სოფ. ვარდისუბანთან აღმოჩნდა ნიკიფორე III-ის ვერცხლნარევი ოქროს 11 მონეტა. მონეტები ინახება გ. ჩუბინაშვილის სახ. თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში. აქვე ინახება გულსაკიდი ხატი, რომელზედაც ამოჭრილია სტეფანე პირველმოწამის გამოსახულება ბერძნული წარწერით: "პირველმოწამე სტეფანე".
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვა).
გურამ ხარშილაძე
თელავს გაუმარჯოს!
თელაველებს სალამი!