თეთრიწყაროს გეოგრაფია და კლიმატი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრები აქვს. მას სამხრეთიდან ბოლნისის, დასავლეთით წალკისა და დმანისის, აღმოსავლეთით გარდაბნისა და მარნეულის, ჩრდილოეთით კი კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება. მუნიციპალიტეტის სამხრეთი ნაწილი თეთრიწყაროს პლატოზეა გაშლილი, რომელიც ქვემო ქართლის პლატოს ჩრდილოეთ ნაწილს წარმოადგენს. იგი შუა ნაწილში რამდენიმე მცირე მდინარის კანიონითაა გაკვეთილი. რაიონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შუა ხრამის მთათა კვანძია განფენილი, ჩრდილოეთ ნაწილში კი ძლიერ დანაოჭებული, შუაეოცენური ვულკანოგენური ქანებით აგებული თრიალეთის ქედია აღმართული. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელის ყველა მდინარე მტკვრის ერთიან სისტემას ქმნის. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა ალგეთი. მას მრავალი შენაკადი აქვს: ასურეთისხევი, ლაყვისხევი, გუდარეხისწყალი, ოძისისხევი, ბოგვისხევი, ენაგეთისხევი, ლამისხევი, ფარცხისისწყალი და ბზისწყალი. რაიონში მიედინება მდინარე ხრამი და მისი შენაკადები: ასლანკა, ჭივჭავა, თეთრწყაროსწყალი, კლდეისისწყალი, ახკალაფისწყალი და სხვ. თეთრიწყაროში მდებარეობს ალგეთის წყალსაცავი, რომელიც მდინარე ალგეთის შუა დინებაშია შექმნილი. ბედენის პლატოზე რამდენიმე მცირე ტბაც გვხვდება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნაა. აქ 1965 წელს ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა, რომელიც თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ალგეთის ზემო წელში მდებარეობს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო ჰავაა, ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით. იანვრის საშუალო წლიური ტემპერატურაა 0 °C ბარში და – 10 °C მთაში, ივლისში კი – 15 °C მთაში და 24 °C – ბარში.

წყარო: georgiantravelguide.com

თეთრიწყაროს გაუმარჯოს!
თეთრწყაროელებს სალამი!