ჭიათურის მუნიციპალიტეტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, იმერეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჭიათურა.

გეოგრაფია

მდებარეობს მდინარე ყვირილის აუზში, უჭირავს იმერეთის მაღლობის ნაწილი. ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება საჩხერის, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით — ხარაგაულის, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტები, დასავლეთით — ტყიბულის, ჩრდილო-დასავლეთით კი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი.

რელიეფი

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოიცავს ჭიათურის პლატოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს და რაჭის ქედის სამხრეთ კალთას. პლატო, ძირითადად, აგებულია ქვედაიურულიდან დაწყებული ქვედაპლიოცენით დამთავრებული ნალექებით. ფართოდ არის გავრცელებული კირქვული ქანები, რომლებიც მდინარე ბუჯის ხეობაში, სოფლების სალიეთის, ცხრუკვეთისა და სკინდორის მიდამოებში განლაგებულია გრანიტებზე, ქ. ჭიათურის მიდამოებში – კვარცპორფირულ წყებაზე, კაცხ-ხრეითის ზოლში — ბაიოსის ტუფოგენურ ქანებზე. აღმავალ ჭრილს აგრძელებს ოლიგოცენისა და მიოცენის თიხიან-ქვიშიანი წყებები.

ჭიათურის პლატო მდინარე ყვირილისა და მისი შენაკადების ხეობებით ცალკეულ პლატოებად იყოფა, მათ აქ ზეგნებს უწოდებენ (სარეკის, დარკვეთის, მღვიმევის, თაბაგრების, ზედა რგანის, ბუნიკაურის, ითხვისის, შუქრუთის, პერევისისა და სხვა). პლატოები სამი მხრიდან ეროზიული ხეობებით არის შემოფარგლული. ჭიათურის პლატოზე ბევრგანაა რელიეფის კარსტული ფორმები; ზოგი მღვიმე ციხესიმაგრებად იყო გამოყენებული. პლატოზე ვხვდებით აგრეთვე ახალგაზრდა ვულკანურ კონუსისებურ ნაგებობებს (პერევისა, გორაძირი), რელიეფის ანთროპოგენურ ფორმებსა და ეგზოტექტონიკურ მოვლენებს (მეწყრები და სხვ). მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებშია აგრეთვე ცარცული კირქვებით აგებული რაჭის ქედის სამხრეთ ციცაბო კალთა, რომელიც დანაწევრებულია მდინარეების ბუჯის, ვარხმელის, ციხისწყლისა და სხვა ღრმა ეროზიული ხეობებით. ქედის აბსოლუტური სიმაღლე აქ 1996 მ-ს აღწევს (მთა საწალიკე). მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ერთეულია აგრეთვე მდინარე ყვირილის კანიონისებრი ღრმა ხეობა.

ჭიათურას გაუმარჯოს!
ჭიათურელებს სალამი!