წალკის გეოგრაფია და კლიმატი

წალკის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი წალკა. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ბორჯომი, გორი და კასპი ესაზღვრება, დასავლეთით ახალქალაქი, სამხრეთით კი – ნინოწმინდა და დმანისი. წალკის ტერიტორია გეომორფოლოგიური თვალსაზრისით მრავალფეროვანია. რაიონის დასავლეთ ნაწილში იჭრება სამსარის ქედი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოდის აგრეთვე ჯავახეთის ქედის ჩრდილოეთ მონაკვეთი. მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ერთეულია ასევე წალკის პლატო ქვაბული. წალკის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება თრიალეთის ქედის სამხრეთი კალთაც. რაიონი ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელით ხასიათდება. მთავარი მდინარეა ქცია. წალკაში მრავლად გვხვდება ტბები. წალკის წყალსაცავი კი სარკის ფართობით საქართველოს უდიდესი წყალსაცავია. რაიონის ტერიტორიაზე ტყე იშვიათია, გავრცელებულია მთის სტეპები.

წალკის მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 5,9 °C-ა, იანვრის – – 4,8 °C, ივლისისა კი – 16 °C. მუნიციპალიტეტის მაღალ ადგილებში მთიანეთის სტეპების ჰავაა, მოკლე ზაფხულითა და ცივი ზამთრით. სამსრის, ჯავახეთისა და თრიალეთის ქედების ყველაზე მაღალ ადგილებში ნამდვილ ზაფხულს მოკლებული მაღალმთიანეთის ზომიერად მშრალი ჰავაა.

წყარო: georgiantravelguide.com

წალკას გაუმარჯოს!
წალკელებს სალამი!