წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. რაიონი გამოირჩევა უდიდესი ისტორიული წარსულით. ადამიანის ცხოვრების კვალი აქ ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება და ფაქტობრივად უწყვეტად გრძელდება. წალენჯიხის ტერიტორიაზე გამოვლენილია მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა და უძველესი ნამოსახლარები. იგი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი ყოფილა შუა საუკუნეებშიც, რასაც უძველესი ტაძრები და ციხე-სიმაგრეებიც ადასტურებს. ერთ-ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია, რომელიც XVII საუკუნეში საეპისკოპოსო კათედრალად იქცა. XIII-XIV საუკუნეებისათვის წალენჯიხაში იყო დადიანების რეზიდენცია, მათი სასახლე, საჭურჭლე და საგვარეულო სამარხი. იგი დღესდღეობით განვითარებული რაიონია, სადაც ფუნქციონირებს სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, დასასვენებელი და სხვა ტიპის დაწესებულებები. მუნიციპალიტეტი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, როგორიცაა დოლომიტი და მინერალური წყლები. წალენჯიხაში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: თხილისა და მარცვლოვანი კულტურების მოყვანა-დამუშავება, მესაქონლეობა, მებაღეობა. რაიონი გამორჩეულია ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით, რაც მის ტურისტულ პოტენციალს განაპირობებს. ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი ხელსაყრელი ფაქტორია მუნიციპალიტეტში კურორტი სქურის არსებობაც, რომელიც მრავალ დამსვენებელს იზიდავს. წალენჯიხა თავისი უძველესი ისტორიით, შუა საუკუნეების ეკლესიებითა და ციხე-სიმაგრეებით, ალპური ტბებით, ჩანჩქერებით, ხეობებითა თუ მთებით საქართველოს ერთ-ერთი მრავალფეროვანი და საინტერესო რაიონია.
წყარო: georgiantravelguide.com
წალენჯიხას გაუმარჯოს!
წალენჯიხელებს სალამი!