ჩოხატაურის შესახებ

ჩოხატაური გურიის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. სახელწოდება საგვარეულო სახელიდან (ჩახატარაშვილი, ჩხატარაშვილი) არის ნაწარმოები. ეს რაიონი ხშირად ყოფილა სისხლისღვრისა თუ ავბედითობის მოწმე. იმერეთის აჯანყების დროს, 1820 წლის აპრილიდან აგვისტომდე, ჩახატაური რუსეთის იმპერიის ჯარებსა და აჯანყებულ გურულებს შორის ბრძოლების ერთ-ერთ პოლიგონს წარმოადგენდა. დღესდღეობით ჩოხატაურში ფუნქციონირებს: 4 მუზეუმი, კულტურის ცენტრი, ხელოვნების გალერეა, ჩოხატაურის სახალხო თეატრი და 33 ბიბლიოთეკა. რაიონში წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა (მეხილეობა, მარცვლეულის მეურნეობა, მევენახეობა, მეჩაიეობა, მეცხოველეობა). მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მინერალური წყლის – „ნაბეღლავის“ ჩამოსასხმელ ქარხანას. გარდა მინერალური წყლისა, მუნიციპალიტეტის მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა: მინერალური საღებავები, პირიტი, საშენი ქვები, სააგურე და საკერამიკე მიწა. დიდი პოპულარობისთ სარგებლობს სამთო-კლიმატური კურორტები ბახმარო და ნაბეღლავი. ნაძვების სურნელსა და ნისლებში გახვეული ბახმარო, ჯაჯის ტბა, ამწვანებული თუ შემოდგომისფერი ტყეები, კულტურული ძეგლები და ეს ყველაფერი კი გურულების ენამოსწრებული იუმორით შეზავებული, ვფიქრობ, ნამდვილად არის მიზეზი, რომ ჩოხატაურსა და ზოგადად გურიას ერთხელ მაინც ესტუმროთ.

წყარო: georgiantravelguide.com

ჩოხატაურს გაუმარჯოს!
ჩოხატაურელებს სალამი!