ბაგრატის ტაძარი — ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძარი აგებული X-XI საუკუნების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში, ქუთაისში, „უქიმერიონის გორაზე“.ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, „ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223“ (1003). თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით ბაგრატის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692, როგორც ვახუშტი მოგვითხრობს, „შემუსრეს ოსმალთა“. XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეებიც, რასაც მოწმობს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები.ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) – ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე – გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორსავ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭები მიაშენეს.
გეგუთის ციხე-დარბაზი
გეგუთის სასახლე ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის მნიშვნელოვანი ძეგლია,იგი მდებარეობს ქუთაისის სამხრეთით შვიდი კილომეტრის დაშორებით მდ. რიონის ნაპირას. ყველაზე ადრეული ისტორიული ცნობა გეგუთის სასახლის შესახებ XII საუკუნეს ეკუთვნის, როგორც მატიანე მოწმობს, გეგუთი მეფეთა რეზიდენცია იყო. სასახლემ ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. ციხე-დარბაზში სამი სამშენებლო ფენა გამოირჩევა. ყველაზე ადრეული(VIII-IXსს.)გეგმით მარტივი, დიდბუხრიანი სათავსო, ე.წ სანადირო სახლი,რომელშიც შემდგომში მრავალოთახიანი დიდი ციხე-დარბაზის სამზარეულოს ფუქნციას ასრულებდა. XII საუკუნეში თლილი ქვის მაღალ სამმეტრიან ცოკოლზე აღუმართავთ აგურით ნაგები ოთხ იარუსიანი ციხე-დარბაზი. მისი მთავარი ნაწილია 14-მეტრიანი გუმბათით გადახურული ოთხმკლავიანი დიდი დარბაზი, სადაც წყდებოდა სახელმწიფო საქმეები. მისაღები დარბაზის აქეთ-იქით სხვადასხვა დანიშნულების სათავსოებია განლაგებული. მესამე სამშენებლო პერიოდს განეკუთვნება მთავარი ნაგებობის დასავლეთით მდებარე შენობა და სასახლის ეკლესია.
ქუთაისის აღმოსავლეთით, ექვსი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს სოფელი მოწამეთა რომელიც მდ.წყალწითელას მარჯვენა ნაპირზეა გაშენებული. ხეობაში ღრმად შეჭრილი ციცაბო კლდოვან კონცხზე დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი-მოწამეთის სამონასტრო ანსამბლი. ანსამბლში შედის ეკლესია, სამრეკლი, გალავანი და სამეურნეო ნაგებობანი. თავდაპირველად აქ მცირე ზომის ეკლესია მდგარა, რომელშიც მერვე საუკუნის 30–იან წლებში მურვან ყრუს მიერ ნაწამები არგვეთელი მთავრების დავით და კონსტანტინეს ნეშთი დაუსვენებიათ. მეათე საუკუნეში ბაგრატ მესამეს ეკლესია განუახლებია და უფრო მოზრდილი შენობა აუგია.თანამედროვე სახე კი მონასტერმა მეცხრამეტე საუკუნეში მიიღო.
შუა საუკუნეების სქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი, ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი გელათის მონასტერი აგებულია ქ.ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ 11 კმ-ზე მდინარე წყალწითელას ხეობაში. სიტყვა „გელათი“ უშუალოდ უკავშირდება ბერძნულ სიტყვას „ღენიჰი“ ანუ „გენა“, რაც ნიშნავს რაც შობას. დაარსებულია 1106წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით.
ოქროს ჩარდახი
მდ. რიონის მარცხენა ნაპირთან მდებარეობდა ყოფილი "პატარა ქუთაისი", ანუ ქალაქის მარცხენა ნაწილის უძველესი ბირთვი. ამ ადგილს ამჟამად დასავლეთიდან მდინარე ჩამოუდის, ჩრდილოეთიდან ესაზღვრება რუსთაველის პროსპექტი, სამხრეთიდან – ვ.ანჯაფარიძის ბაღი. ეს ადგილი გამოუყენებიათ მეფეთა სასახლეების ასაგებად. ძნელია დაბეჯითებით ითქვას, თუ რა დროს შეიქმნა აქ სამეფო რეზიდენცია, რადგან წყაროებში ამის შესახებ არ არსებობს მითითება. უფრო საფიქრებელია, რომ სასახლეები იმ პერიოდში აშენდა, როცა ქუთაისი აფხაზეთის სამეფოს დედაქალაქად იქცა.
საფიჩხიის წმინდა სამების ეკლესია
1905 წლის ოქტომბერში საფიჩხიის წმინდა სამების ეკლესიის პროექტი ძველ ქართულ სტილში 150 მლოცველზე შეადგინა ინჟინერმა სახაროვმა.
ქართულ სტილში 150 მლოცველზე შეადგინა ინჟინერმა სახაროვმა. 1906 წლის აპრილში საფიჩხიის სასაფლაოს კეთილმოწყობის სამზრუნველომ (რომელიც 1904 წლიდან არსებობდა), ეკლესიის აგებაზე ხელშეკრულება დადო ბერძენ ოსტატებთან ქრისტეფორე თოფალ-ოღლისთან და გიორგი ადამ-ოღლისთან. ეკლესიას საფუძველი ჩაეყარა 1906 წლის 11 მაისს, ამაღლებას. 1940 წლის იანვარში ეკლესია გააუქმეს და გადააკეთეს სპეცსაწყობად, შემდეგ კი რკინისა და ქვის საამქროდ. 1989 წელს დაიწყო ეკლესიის აღდგენის სამუშაოები: შენობას დაედგა გუმბათი და კაპიტალურად შეკეთდა. განახლებული ეკლესია ეკურთხა 1990 წლის 10 თებერვალს.
ლეგენდის თანახმად ქართველი მწერალი და დიპლომატი სულხან-საბა ორბელიანი ევროპაში ხანგრძლივი მოგზაურობით დაღლილმა ქუთაისის ამ ულამაზეს უბანს მიაშურა. ეკლესიის მამებს ევროპიდან წამოღებული უცხო თესლი დაუტოვა. სულ მალე უბანში მწვანე ყვავილები აბრიალდნენ. .
მწვანეყვავილა ქალაქს ჩრდილო აღმოსავლეთით ესაზღვრება. იგი რიონის ხეობას დაჰყურებს. მისი მარცხენა ნაპირი ბუნებრივი სილამაზით გამოირჩევა და საინტერესოა ისტორიული ძეგლებითაც. ყველაზე ადრინდელი ძეგლი, ბაზილიკური ეკლესია მდებარეობს მწვანეყვავილას გორაკის დასავლეთ კონცხზე. ეკლესიამ ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია და იგი აგებულია 1013 წელს. მწვანეყვავილას ტერიტორიაზე მდებარეობს კიდევ ორი ძველი ნაგებობა, თავდაცვითი დსანიშნულების ციხე-სიმაგრე კოშკი და პატარა ბაზილიკური ეკლესია. კოშკი ოთხკუთხად შეკრული ორსართულიანი ნაგებობაა. პირველი სართული წარმოადგენს მტკიცედ შეკრულ თაღოვან ოთახს. კოშკის კედლის სისქე ორ მეტრამდეა და ოთხივე მხრიდან სხვადასხვა სიდიდისა და მიმართულების სათოფურები აქვს. შენობის მეტრნახევარ სიმაღლეზე გაკეთებულია ნიშები. მას იყენებდნენ სათვალთვალო პუნქტად. ციხე აგებული უნდა იყოს 1637 წელს. 1956 წლიდან ეს ადგილი გამოცხადებულია საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად. 1909-1913 წ.წ. მწვანე ყვავილის ტერიტორიაზე აგებული იქნა ეკლესია, რომელიც ეკურთხა 1914 წელს მთავარანგელოზთა-მიქაელისა და გაბრიელის სახელით.
ქუთაისს გაუმარჯოს!
ქუთაისელებს სალამი!
ქუთაისური ტრადიციები
ძირძველი ქუთაისელი, ერთ დროს ულამაზესი ქალბატონი ვერა გვანცელაძე–ჯიქია, რომელმაც საკმაოდ რთული და ტანჯული გზა განვლო, იგი რეპრესირებული იყო მეუღლესთან ერთად და 9 წელი ჩრდილოეთის ბანაკებში გაატარა, თავის წიგნში "მოგონებანი გარდასულ დღეთა" მოგვითხრობს XX საუკუნის დასაწყისის ქუთაისში არსებული რამდენიმე ტრადიციისა და დღესასწაულის შესახებ. მისი თქმით, ამ პერიოდში ტრადიციად იყო ქცეული კვირას და ჩვეულებრივ დღეებში ხელოსანთა ერთმანეთთან სტუმრობა: "ჩვეულებრივ დღეებში, საღამო ხანს, ხელოსნები ეწვეოდნენ ხოლმე ერთმანეთს, თან მიჰქონდათ ტილოს თეთრ ხელსახოცში გამოკრული ხაჭაპური, შემწვარი, ქათამი, ლავაში და დოქით ღვინო (თუმცა იმ დროს, თითქმის ყველა ოჯახში იწურებოდა ღვინო). მასპინძელი თავის მხრივ მიუმატებდა, რაც ჰქონდა, და იშლებოდა სახელდახელო სუფრა, იყო სადღეგრძელოები, მასლაათი, დაირაზე ცეკვა–თამაში და დროსტარება.
უქმე დღეებში უკვე ოფიციალური გადაპატიჟება–გადმოპა
ტიჟება იყო, ხოლო ახალ წელსა და აღდგომას – დაპატიჟების გარეშე მოკლევადიანი "ვიზიტები".. სააღდგომოდ ოჯახებში განსაკუთრებული სამზადისი იყო. ფურნეებში ცხვებოდა პასკა. ყველა ოჯახს მიჰქონდა ფურნეში უმაღლესი ხარისხის ფქვილი, რომელსაც ანტონ ქომეთიანის საბაყლო მაღაზიაში იძენდნენ. ფქვილი თეთრი ტილოს პარკებით იყიდებოდა და ზედ სამი ნული ეწერა – რაც უმაღლეს ხარისხს აღნიშნავდა. იმავე მაღაზიაში იძენდნენ დიასახლისები პასკისათვის საჭირო სურნელოვან საკმაზებს და პირველი ხარისხის ესტონურ ერბოს. დიასახლისები – ვინ ფუთ (16 კგ.) პასკას დაუკვეთავდა, ვინ – ბათმანს (8 კგ.). ამისდამიხედვით მიჰქონდათ ფურნეებში ათქვეფილი კვერცხის გული (100–2000 ცალი). მოზელილი ცომი იდებოდა გრძელ როფებზე და თითოეული ოჯახის დაკვეთა გამოყოფილი იყო ფიცრის ნაჭრით. ცხობა იწყებოდა კვირის დასაქყისში – ორშაბათიდან და გრძელდებოდა პარასკევ ღამემდე. თანდათან ცხვებოდა ყველას დაკვეთა, რიგის მიხედვით; დიასახლისები მორიგეობდნენ ფურნეებში დილის 5 საათიდან, სანამ ცომი აფუვდებოდა და მათი პასკები გამოცხვებოდა. გამოცხობაში ფულს უხდიდნენ მეპატრონეს. შაბათ საღამოს ყველა ოჯახში გაიწყობოდა სააღდგომო სუფრა. ღამის 12 საათზე იწყებოდა ზარების რეკვა და ყველა მიდიოდა ეკლესიაში დილამდე. გათენებისას გამოიტანდნენ ეკლესიიდან გარდამოხსნას, სრულდებოდა ქრისტეს დამარხვისა და მკვდრეთით აღდგომის რიტუალი. სამჯერ შემოუვლიდნენ ეკლესიას და შემდეგ გარდამოხნას შეიტანდნენ და დაასვენებდნენ ეკლესიაში. მღვდელი წამოთქვამდა: "ქრისტე აღსდგა!" მლოცველები უპასუხებდნენ "ჭეშმარიტად!" რასაც მოჰყვებოდა საგალობელი: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით"… ყველანი ერთმანეთს ულოცავდნენ დღესასწაულს და მიდიოდნენ სახლებში. დილით ოჯახის წევრები მიუსხდებოდნენ სუფრას, იყო მილოცვები, წითელი კვერცხების ჭახა–ჭუხი, სიმღერა: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით!"… 40 დღის მარხვის შემდეგ ოჯახი გაიხსნებოდა. დღის 12 საათიდან იწყებოდა "ვიზიტები". სტუმრები ოჯახს ულოცავდნენ აღდგომის დღესასწაულს ფეხზე დგომით ამბობდნენ სადღეგრძელოს და სულ რამდენიმე წუთს რჩებოდნენ. შემდეგ მიდიოდნენ სხვა ოჯახებში მისალოცად. "ვიზიტები" გრძელდებოდა სამ დღეს და სუფრაც სამ დღეს იყო გაშლილი"
ქართული სუფრის ტრადიციები მსოფლიოს ყველა კუთხეშია ცნობილი. ჩვენს სტუმართმოყვარეობას და გულუხვ დახვედრას არაერთი უცხოელი სტუმარი მოუჯადოებია. ჩვენმა ერმა საუკუნეების მანძილზე სტუმარ-მასპინძლობის მტკიცე ნორმები ჩამოაყალიბა. საქართველოს ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში სტუმარი ხელშეუხებელ პიროვნებად ითვლება. სტუმრის პატივისცემის ადათს ისე ჰქონდა გადგმული ფესვები, სახლში მოსული მოსისხლე მტრის დაცვაც კი სავალდებული იყო. იმერელი თავისთვის მოიკლებს, რომ სტუმარს ასიამოვნოს, მაგრამ რაც უნდა კარგად მიიღოს სტუმარი, ბოლოს მაინც მოუბოდიშებს: ,,მაპატიე, ბატონო, თქვენს შესაფერისად თუ ვერ დაგხვდითო.” საქართველოს ყველა კუთხეს მისი ტრადიციული კერძები გააჩნია. კახეთის, ქართლის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, რაჭის, სვანეთის,ხევსურეთის და სხვა კუთხეების კერძები თავისი გემოვნებით, მომზადების ტექნოლოგიით მართლია განსხვავდებიან, მაგრამ საერთო სტილით ერთიან ეროვნულ ქართულს წარმოადგენენ. განსაკუთრებით მდიდარია იმერული სუფრის ასორტიმენტი.სუფრის ასეთ წარმათვაში სმა-ჭამა მეორე პლანზე გადადის, მის ადგილს გონებამახვილობა და მჭერმეტყველება იკავებს. მუზა ყველას მოდის და ცდილობს რაც შეიძლება მეტი შესაფერისი ლექსი, თქმულება, ანდაზა, ხალხური გამონათქვამები გამოიყენოს და სადღეგრძელო გაამდიდროს. ასეთ თამადაზე ზედგამოჭრილი ხალხური სიმღერაა: ,,ეს თამადა რა ყოფილა , ცოტა ღვინო გვამყოფინა.” განსაკუთრებით გამოკვეთილია იმერული სუფრა ქორწილში. ქორწილის ჩატარებას ქართველი, შეიძლება ითქვას, დიდი მზადებით ელოდება.ქართული სუფრა მისი ტრადიციებით უნიკალურია, ერის წარსულში ჩამოყალიბებული და ძვალ-რბილში გამჯდარი წეს-ჩვეულება არ უნდა დავივიწყოთ. რაც კარგია, შევინარჩუნოთ, უფრო განვავითაროთ.
ქუთაისს გაუმარჯოს!
ქუთაისელებს სალამი!