ქუთაისი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი, სიდიდით მეოთხე ქალაქი საქართველოში, საქართველოს სამეფოს ისტორიული დედაქალაქი, ქუთაისის საეპისკოპოსოს ისტორიული ცენტრი. მდებარეობს მდინარე რიონზე. მოსახლეობა 130 400 ადამიანი (2023).
ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. ქუთაისი საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი იყო. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობით:ეპოქაში — აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის საქმიანობას. ქუთაისის და მისი შემოგარენის მთავარი ღირსშესანიშნაობანია: ბაგრატის ტაძრის ნანგრევები (XI ს.), გელათის მონასტერი (XII ს.), გეგუთის სასახლე (XII ს.), სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი, ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო. ქუთაისში არის ქუთაის-გაენათის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
გეოგრაფია
მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, მდინარე რიონის ორივე ნაპირზე, იმ ადგილას, სადაც მდინარე მთებიდან კოლხეთის დაბლობზე გამოდის. ქუთაისი მდებარეობს ზღვის დონიდან 125-300 მეტრზე, თბილისიდან 220 კმ (რკინიგზით).
ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება დაბალმთიანი ოკრიბა, ჩრდილოეთით — სამგურალის ქედი, სამხრეთით და დასავლეთით კი კოლხეთის დაბლობი. დასახლების უმეტესი ნაწილი ვაკეზეა. ქალაქის ჩრდილოეთი უბნები მდინარე რიონის ორივე მხარეს გორაკ-ბორცვებზეა შეფენილი, უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი კი საფიჩხიის სერზე, რომელიც მდინარე რიონის ერთ-ერთ ტერასას წარმოადგენს.
ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია, იცის ზომიერად თბილის ზამთარი და შედარებით მშრალი და ცხელი ზაფხული. ხშირია აღმოსავლეთის ფიონური ქარი. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,5 °C, იანვრისა 5,2 °C, ივლისისა 23,2 °C. ნალექები 1730 მმ წელიწადში. მდინარე რიონი ქალაქს კვეთს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. ქალაქის ფარგლებში მასზე აშენებულია რიონჰესი და გუმათჰესი. ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მიედინება მდინარე წყალწითელა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთში მდინარე ოღასკურა. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში რიონს ერთვის მცირე მდინარე რუა. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში შემორჩენილია ძელქვის კორომი.
ქალაქის ფარგლებში და მის შემოგარენში მოიპოვება საშენი მასალა, მათ შორის გოჭოურის სააგურე თიხა, ეკლარის მოსაპირკეთებელი და საკედლე ქვა, ბანოჯის მარმარილო, მოწამეთას კირქვები და სხვა.
ქუთაისს გაუმარჯოს!
ქუთაისელებს სალამი!