ტალღების მოტანილი ამბები
ფოთი.
ისტორიული ფაზისი…
საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქთაგანია.
შავ ზღვას. პალიასტომსა და მდ.რიონს შორის მოქცეული მითიური ფაზისი, დღევანდელი ფოთი ანტიკური დროიდან იქცევდა ზღვაოსანთა ყურადღებას.
ძვ.წ. VII-VI საუკუნეთა მიჯნაზე აქ ფუძნდება ბერძნული ახალშენი ფასისი, ამოქმედდა კოლხეთის ზღვისპირეთის საბერძნეთთან დამაკავშირებელი საზღვაო ხაზი. ქ.ფასისი ანტიკურ სამყაროსთან კოლხეთის ურთიერთობათა განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობის გამო ფასისის ბერძნული კოლონია მალევე გამდიდრებულა და კეთილმოწყობილა, თავად ფასისელებს კი უებრო მასპინძელთა სახელი მოუხვეჭავთ.
„ფასისელები სტუმართმოყვარენი არიან… ისინი ამარაგებენ მათ, ვისაც გემი ეღუპებათ. სამ ნავს აძლევენ და ზღვითვე სამშობლოში აგზავნიან." – წერდა არისტოტელე.
ძვ.წ VI-V სს-ში ფოთი დიდ როლს თამაშობდა საერთაშორისო სატრანზიტო ვაჭრობაში. ძველი ბერძნული სამყაროდან შავი ზღვით შემოტანილი საქონელი ფოთის გავლით ჭარბად მიეწოდებოდა ჩრდ.კავკასიას, სპარსეთს, ინდოეთსა და შორეულ ჩინეთს. სახელწოდება ფოთი პირველად VII საუკუნის წყაროებში ჩნდება. ადრე ფეოდალურ ხანაში ქ.ფოთი კვლავ ინარჩუნებდა დიდი სავაჭრო ქალაქის მნიშვნელობას ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის, მნიშვნელოვანი ბუნებრივი სიმდიდრისა და კულტურით დაწინაურებული მხარისადმი დიდ ინტერესს იჩენდა ყველა, ვისაც ხელი მიუწვდებოდა. ამიტომ, კოლხეთი, კერძოდ კი ფოთი მეზობელ ქვეყნებს შორის ქიშპობის საგანს წარმოადგენდა.
XV-XVI სს-ში ოსმალო დამპყრობლების გაბატონებამ შავი ზღვის სანაპიროებზე საქართველოს დიდი უბედურება მოუტანა. ოსმალებმა საუკუნოვან მონობაში მოაქციეს დაპყრობილი ხალხები და მათ შემდგომი წინსვლისა და განვითარებისა შესაძლებლობა მოუსპეს. ოსმალებმა ფოთი 1578 წელს დაიპყრეს და აქ ააშენეს ციხე. აქედან მოყოლებული, მცირე ინტერვალებით, თურქები თითქმის ორნახევარ საუკუნეს ბატონობდნენ ფოთში. საქართველოს მაშინდელი მესვეურნი არაერთხელ შეეცადნენ თურქი დამპყრობლებისაგან ქალაქის განთავისუფლებას, მაგრამ საქართველოს პოლიტიკური დაქუცმაცებულობა ხელს უშლიდა მიზნის განხორციელებას. ფოთის ციხის განთავისუფლება ვერ შეძლო ვერც გენ.ტოტლებენმა (1770წ), ვერც სუხოტინმა (1771წ). 1809 წელს ფოთის განთავისუფლებისათვის განახლებულ ბრძოლაში რუსთა და ქართველთა გაერთიანებულმა ძალებმა, რომლებსაც გენერალი დ.ორბელიანი სარდლობდა, 2 ნოემბერს მდ.მალთაყვასთან , სოფ.გრიგოლეთში გამართულ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა თურქებზე. 15 ნოემბერს კი განთავისუფლებულ იქნა ფოთი, მაგრამ 1812 წელს ბუქარესტში დადებული ზავით რუსეთმა თურქეთს კვლავ დაუთმო ფოთი. 1828 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი. ქართველთა რაზმებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს ბრძოლაში. ფოთის ციხე აღებულ იქნა 1828 წლის 15 ივლისს. ამ ბრძოლებში დასავლეთ საქართველოდან 6000ქართველი იღებდა მონაწილეობას. ეს გამარჯვება 1929 წელს ადრიანოპოლის ზავით ოფიციალურად იქნა დადასტურებული.
თუ 1858 წელს, ფოთის ქალაქად გამოცხადებისას, აქ ასიოდე სული ცხოვრობდა, 1865 წელს მცხოვრებთა რაოდენობა გაიზარდა 1 039კაცამდე. 1886 წელს – 4 709მდე. 1897წელს – 7 666მდე, ხოლო 1908 წელს 13 764კაცამდე.
ხოლო ამჟამად, ფოთის მოსახლეობა შეადგენს 47149 ადამიანს.
ფოთს გაუმარჯოს!
ფოთელებს სალამი!