ვინ დააარსა ქალაქი ფოთი?

არა, გერონტი ფოთელმა ნამდვილად არა. თქვენ შესაძლოა არ იცოდეთ, თუმცა ფოთი ამიერკავკასიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია შავი ზღვისპირეთში. იგი წარმოიქმნა მდინარე რიონის ქვემო წელზე მცხოვრებ უძველეს მოსახლეთა საფუძველზე ძვ.წ.აღ მეექვსე საუკუნეში.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის გეოგრაფიული მდგომარეობა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი იყო უძველესი დროიდანვე. ამ კუთხით, სავაჭრო სფეროში ქალაქი საგრძნობლად იყო დაწინაურებული.

დარწმუნებული ვარ, არგონავტების და ოქროს საწმისის ისტორია იცით და იმის შეხსენება, რომ იასონმა და არგონავტებმა ოქროს საწმისის მოსაპოვებლად კოლხეთი და ფაზისი დალაშქრეს საჭიროებას არ წარმოადგენს.

თუმცა, საინტერესოა ოფიციალურად როდის მოხდა ფაზისის მოხსენიება ფოთად. ისტორიულ ლიტერატურაში პირველად ამგვარ მოხსენიებას ადგილი აქვს მერვე საუკუნის სომეხი ისტორიკოსის ღევონდის თხზულებაში.  რაც შეეხება, ქართულ წყაროებს, სახელი "ფოთი" პირველად "გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში" გვხდება,  რომელიც მეთერთმეტე საუკუნითაა დათარიღებული.

არ შეიძლება ფოთზე ვისაუბროთ და არ ვახსენოთ  დღევანდელი ქალაქ ფოთის დამაარსებელი ნიკო ნიკოლაძე.

1894 წელს,  ნიკო ნიკოლაძე ერთხმად იქნა არჩეული ქალაქის თავის თანამდებობაზე.  მისი დაუღალავი შრომისა და ეკონომიკური ალღოს წყალობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქალაქის მდგომარეობა. მისი ინიციატივით დაიწყო ნავსადგურის ძირფესვიანი გადაკეთება და კეთილმოწყობა.  ამ მიზნით გამოიყო 3953000 მანეთი. ახალი ნავსადგურის მშენებლობა მიმდინარეობდა 1863 წლიდან 1907 წლამდე.  ნიკო ნიკოლაძის მმართველობის დროს მოხდა ქალაქის ელექტროფიკაცია.  განათდა ნავსადგური და რკინიგზა.  1912 წლამდე გაყვანილ იქნა წყალსადენიც.

ეს მცირე დეტალებია ქალაქ ფოთის მრავალსაუკუნოვანი ისტორისაა, თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანი. დღეს ფოთი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ ფუნდამენტალურ რეგიონად მიიჩნევა. ფოთის საზღვაო ნავსადგური შავი ზღვის აუზის ერთ-ერთი უდიდესი ნავსადგურია. ის წარმოადგენს კავკასიის სატრანზიტო, სატრანსპორტო ქსელის უდიდეს სეგმენტს. ფოთს ევროპა-აზიის კორიდორში მნიშვნელოვანი ფუნქცია დაეკისრა. 2008 წლის 15 აპრილს ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პრეზენტაცია გაიმართა. "თავისუფალი ეკონომიკური ზონის გახსნა საქართველოს ეკონომიკაში ახალი სიტყვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის ახალი ტალღაა" – განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. ამ დღეს ოქროს საწყისი ეწოდა. ფოთის განვითარების გეგმა გლობალურ პროექტებს ითვალისწინებს. დაგეგმილია მდინარე რიონის გადაკეტვა და ახალი აკვატორიის შექმნა. საერთაშორისო გადაზიდვებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სარკინიგზო-საბორნე კომპლექსს.

ფოთს გაუმარჯოს!
ფოთელებს სალამი!