საჩხერის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლით. სიმწვანე, გაშლილი, ვრცელი ვაკეები, მოლურჯო მთები, წყაროები და პატარ-პატარა ჩანჩქერები შესანიშნავ გარემოს ქმნის ბუნების მოყვარულთათვის. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დევის ტბა, ფასკნარას ჩანჩქერი აკაკი წერეთლის კარსტული მღვიმე. თუკი ბუნების სიმშვიდეში დასვენება გსურთ, ბალნეო-კლიმატური კურორტი – კვერეთი ნამდვილად მოგეწონებათ. გარდა მიმზიდველი ბუნებისა, საჩხერეში მრავალი კულტურული ძეგლის მონახულებაც შეგიძლიათ. გამოქვაბულთა კომპლექსები, ანტიკურ ნაგებობათა ნაშთები, ისტორიული ციხე-სიმაგრეები თუ უძველესი ტაძრები უამრავ საინტერესო ამბავსა და ისტორიას ინახავენ და საქართველოს კულტურული განვითარების სურათს წარმოგვიდგენენ. აღსანიშნავი ძეგლებია: სარეკის მღვიმეები, რკინისა და ანტიკური ხანის საირხის ნაქალაქარი, მოდინახეს ციხე, ქორეთის მაცხოვრის ეკლესია, სავანის წმ. გიორგის ეკლესია, ჯრუჭის მონასტერი და მრავალი სხვა. საჩხერეში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცულია სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური მასალები, იარაღები, სამკაულები, კერამიკა, ეთნოგრაფიული მასალები და სხვა. ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოდაგო მოღვაწის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი, რომელიც წერეთლების საგვარეულო სასახლეშია განთავსებული. აკაკი წერეთლი მამული მშვენიერი ხედებითა და ულამაზესი გარემოთიც გამოირჩევა.
წყარო: georgiantravelguide.com
საჩხერეს გაუმარჯოს!
საჩხერელებს სალამი!