საჩხერის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს, მდინარეების – ყვირილისა და ძირულის ზემო და შუა დინებების აუზში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი საჩხერე. რაიონს ჩრდილოეთით ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება, აღმოსავლეთით – სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ოლქი, სამხრეთით – ხაშური და ხარაგაული, დასავლეთით კი – ჭიათურა. მუნიციპალიტეტის რელიეფი საშუალო და დაბალმთიანია. რაიონის ჩრდილოეთ ნაწილი რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზეა განლაგებული, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი კი – იმერეთის მაღლობზე. საჩხერის ცალკეული მწვერვალების სიმაღლე 2400 მეტრს აღემატება. მუნიციპალიტეტს ახასიათებს ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელი, მთავარი მდინარეებია: ყვირილა და ძირულა. რაიონში მრავალი წყაროა, მათ შორის არის მუნერალური წყლებიც. საჩხერე მდიდარია წიაღისეულითაც, როგორიცაა: გოგირდოვანი წყლები, კვარცის სილები, გიშერი, ქვანახშირი, პემზა, მარმარილო. საჩხერის მუნიციპალიტეტში კარგადაა გამოხატული მცენარეულობის სიმაღლებრივი ზონალურობა. ტყეების საერთო ფართობი შეადგენს 65 000 ჰექტარს. აქაურ ტყეებში გვხვდება ქართული მუხა, რცხილა, იფანი, ნეკერჩხალი, თელა, წიფელი, წაბლი, მურყანი, წყავი და სხვა. სუბალპურ ბუჩქნარებში გვხვდება დეკა, ღვია, მოცვი, მაღალბალახეულ საფარში – დიყი, დუცი, შროშანი, დეზურა და სხვა. ალპური მდელოს მცენარეულობა მხოლოდ დაღვერულის მთის კალთებზეა გავრცელებული. რაიონი მდიდარია ფლორის მრავალფეროვნებითაც. აქ ბინადრობენ მთა-ტყისა და მთა-მდელოს ზონების ცხოველები: შველი, დათვი, ტურა, მგელი, მელა, ფოცხვერი, მაჩვი, კვერნა და სხვა. ფრინველთადან გვხვდება: როჭო, შურთხი, მთის არწივი, ქორი, მიმინო, შაშვი, კოდალა, გუგული, ჩხიკვი და სხვა.
საჩხერის მუნიციპალიტეტში ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. დაბალ ნაწილში საშუალო წლიური ტემპერატურა 10°C-დან 11,7°C-მდეა. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,4-0,3°C, ივლისისა კი – 20-22,5°C. მთებში ტემპერატურა სიმაღლის ზრდასთან ერთად კლებულობს.
წყარო: georgiantravelguide.com
საჩხერეს გაუმარჯოს!
საჩხერელებს სალამი!