გორის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. გორი.

გორის მუნიციპალტეტი აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლის ვაკეზე მდებარეობს. მის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები მტკვარი, ლიახვი, ტანა, თეძამი. ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტებია გორიჯვარი და ბოშური.

ისტორია

ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შიდა ქართლის („ზენა სოფლის“) ისტორიულად დაწინაურებული რეგიონი იყო. იგი საქართველოს ცენტრალურ მხარეს — „ქვეყანას“ წარმოადგენდა. აქ იკვეთებოდა საქართველოს უმთავრესი სამიმოსვლო გზები. ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზედა პალეოლითის ხანის ადამიანის ნაკვალევი მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი. ტერიტორია ინტენსიურად არის ათვისებული ადრინდელ ბრინჯაოს ხანაში. ამ პერიოდში შეიმჩნევა ზოგიერთი სამოსახლოს გამსხვილება და გარკვეული მიკრორაიონის ცენტრად გადაქცევის ტენდენცია (მაგ., გუდაბერტყა). ადრინდელი ანტიკური ხანისათვის (ძვ. წ. VI–IV სს.) აღმოსავლეთ საქართველოში წარმოიშვა რამდენიმე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, მათგან ერთ-ერთი იყო „ზენა სოფელი“, რომლის ცენტრი მდებარეობდა უფლისციხის მიდამოებში. ადრინდელი ფეოდალიზმის ხანაში ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მტკვრის სამხრით მდებარე ნაწილი შედიოდა ტანისხევში, ჩრდილოეთ ნაწილი კი რეხას, გვერდისძირს, საცხუმეთსა და აჩაბეთის ხევს ეკუთვნოდა. X საუკუნეში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე წარმოიქმნა ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული „ქვეყანა“ (ცენტრი — უფლისციხე), მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე — მეორე „ქვეყანა“, რატი ბაღვაშის საერისთავოდ წოდებული (ცენტრი — ატენი). XII–XIII სსაუკუნეებში ნაჭარმაგევში (ახლანდ. კარალეთი) მდებარეობდა გაერთიანებული საქართველოს მეფეთა სასახლეები. XV საუკუნიდან ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა საამილახვროს, სამაჩაბლოს, ქსნის საერისთავოს და საციციანოს შემადგენლობაში. XVI საუკუნიდან ქართლის სამეფო დაიყო ოთხ სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულად — სადროშოდ ანუ სასარდლოდ. რეგიონის ტერიტორია შედიოდა მეორე და მეოთხე სადროშოში, სადაც ერთის სათავეში იდგა ამილახვართა ფეოდალური სახლობა, ხოლო მეორისაში — ციციშვილთა ფეოდალური სახლის წარმომადგენლობა. ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ეკლესიური მმართველობის თვალსაზრისით განაწილებული იყო მცხეთის საპატრიარქოს, ნიქოზის, რუისისა და მცხეთის საეპისკოპოსოებზე. 1802 წელს შეიქმნა გორის მაზრა.

გორის რაიონი შეიქმნა 1930 წელს. 1991 წლის კანონით მას შეუერთდა ყოფილი ცხინვალის რაიონი[5], თუმცა ქართულ-ოსური კონფლიქტის გამო კანონი პრაქტიკულად არ აღსრულებულა. 2006 წლიდან ძველ საზღვრებში ეწოდა გორის მუნიციპალიტეტი.[6][7] 2014 წელს განიხილებოდა გორის მუნიციპალიტეტის ნაცვლად რამდენიმე ახალი მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბება.[8] 2014-17 წლებში მუნიციპალიტეტიდან გამოყოფილი იყო თვითმმართველი ქალაქი გორი („ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი“).[9]

ბუნება

გეოგრაფიული მდებარეობა

გორის მუნიციპალიტეტი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში. გორის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორია (ცხინვალის რეგიონი), აღმოსავლეთით — კასპის, დასავლეთით — ქარელის, სამხრეთით კი ბორჯომისა და წალკის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება. მუნიციპალიტეტში შედის 1 ქალაქი (გორი), 21 სასოფლო თემი (ატენი, ახალუბანი, ბერბუკი, ბოშური, დიცი, ვარიანი, ზეღდულეთი, კარალეთი, მერეთი, მეჯვრისხევი, მღებრიანი, ნიქოზი, საყავრე, სკრა, ტინისხიდი, ტირძნისი, ტყვიავი, ქვახვრელი, შავშვები, შინდისი, ძევერა) და ერთი სათავო სოფელი (ხიდისთავი).

რელიეფი

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ჩრდილოეთი ნაწილი (გორის ვაკე და შუა მტკვრის ხეობის ძირი) აგებულია მეოთხეული კონგლომერატებით, კენჭნარით, ქვიშნარითა და თიხნარით, სამხრეთის ნაწილი — თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი კალთა — უმთავრესად პალეოგენური ქვიშაქვებით, კონგლომერატებით, მერგელებით, თიხებით, კირქვებით, ტუფ-ქვიშაქვებით, ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიებით და ცარცული ასაკის ნალექებით: კირქვებით, მერგელებით, თიხებით, ავგიტიანი პორფირიტებით და მათი ტუფებით, ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებით და სხვ. კვერნაქის ქედი, აგრეთვე თრიალეთის ქედის მთისწინეთის ნაწილი აგებულია ნეოგენური თიხებით, ქვიშაქვებით, იშვიათად კირქვებითა და მერგელებით. მუნიციპალიტეტში გამოიყოფა ოთხი მთავარი მორფოლოგიური ერთეული: 1. გორის ვაკე, რომელსაც მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაახლ. 39,7 % უჭირავს. მისი საშუალო სიმაღლეა 745 მ, დახრილია სამხრით და სამხრეთ-აღმოსავლეთით. მიკრორელიეფის მთავარი ელემენტებია ეროზიული ხეობები და მეოთხეული ტერასები, რომლებიც განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული მდ. ლიახვის გასწვრივ; 2. შუა მტკვრის ხეობა, რომლის ძირზე გაშლილია ვრცელი ტერასული ვაკეები. აქ აკუმულაციურ ფორმებთან ერთად გვხვდება რელიეფის დენუდაციური და მეწყრული ფორმები; 3. კვერნაქის ქედი. იგი ვაკის ზედაპირიდან 100-120 მ-ზეა, ხოლო მტკვრის ხეობის ძირიდან თითქმის 170-200 მ-მდე მაღლდება, უმაღლესი წერტილის აბსოლუტური სიმაღლე 879 მ აღწევს; 4. თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი კალთა ჩრდილოეთისაკენ და ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მიმართული შტოქედებითა და მათ შორის ღრმად ჩაჭრილი ეროზიული (ნაწილობრივ ტექტონიკური) ხეობებით. შტოქედები ზოგან მტკვრის ნაპირს ებჯინება და ციცაბოდ ეშვება ხეობაში. თრიალეთის ჩრდ. კალთისათვის ნიშანდობლივია საფეხურებად განლაგებული ძველი მოსწორებული ზედაპირები.

გორს გაუმარჯოს!
გორელებს სალამი!