ქალაქ რუსთავის წარმოშობა

XI საუკუნის მემატიანის, ლეონტი მროველის  მიხედვით, რუსთავი ქართველთა ეთნარქის, ქართლოსის ცოლმა ააშენა, შემდგომ კი შვილს  – კუხოსს გადასცა, რომელმაც, ლეონტის აზრით, სათავე დაუდო ამ ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ ქართული ტომს –კუხებს. მისი მეორე ცნობის თანახმად, ალექსანდრე მაკედონელის ქართლში ლაშქრობისას, ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში , დიდ მცხეთასთან, ურბნისთან, უფლისციხესთან, სარკინესთან, კასპთან და სხვა ქალაქებთან ერთად უკვე რუსთავიც არსებულა. ამ მოსაზრების დასადასტურებლად შეიძლება მოვიყვანოთ იაღლუჯის მთასა და ცურტაველის ქუჩაზე აღმოჩენილი ძველი წელთაღიცხვით V-II საუკუნეების ნამოსახლარები და სამაროვნები, რომლებიც ერთმანეთისაგან საკმაოდაა დაცილებული, მაგრამ შესაძლოა ანტიკურ ეპოქაში რუსთავი, მცხეთის მსგავსად, სწორედ ცალკეულ, ურთიერთდაცილებულ უბნებად იყო გაშენებული.

ამ ვარაუდს ამყარებს მარცხენა ნაპირზე, მშენებელთა ქუჩასა და მდინარე მტკვრის ჭალაში, წყალსაქაჩთან აღმოჩენილი მოგვიანო ხანის (I-IV საუკუნეები.) ცალკეული სამარხები თუ ნასახლარები.  ასევე, ნამოსახლარი და სამაროვანი მარჯვენა ნაპირზე და ერთი სამარხი მარცხენა სანაპიროზე (III-IV საუკუნეები).

წყარო: aboutrustavi

რუსთავს გაუმარჯოს!
რუსთაველებს სალამი!