რუსთავი IV-XIII საუკუნეებში

როგორც წერილობითი წყაროები აღნიშნავენ (“ქართლის ცხოვრება“ და “მოქცევაი ქართლისაი”), IV საუკუნის ბოლოს ქართლის სამეფო ტახტისთვის ატეხილი დინასტიური დავის შემდეგ მირიან მეფის გარდაცვლილი  შვილის, რევის ცოლმა – სალომე უჯარმელმა და მისმა შვილებმა საგამგებლოდ კუხეთის საერისთავო და მისი ცენტრი – რუსთავი მიიღეს. მოგვიანებით გამეფებულმა მირიან მეფის შვილიშვილმა თრდატ რევის ძემ (383-395 წლები) რუსთავის (ყარაიას) ველების მოსარწყავად მტკვრიდან არხი “გამოიღო’.  არხმა განსაზღვრა რეგიონის სამეურნეო პროფილი და ქალაქის სახელიც კი. (რუს თავი – რუს, ანუ არხის სათავე). თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ თრდატმა აქ ჯერ კიდევ გვიან ბრინჯაოს ხანიდან არსებული, შედარებით მცირე არხი გააფართოვა და განაახლა. მანვე ააშენა ეკლესია და როგორც ჩანს, რუსთავის ციხეც.

რუსთავში განვითარებული იყო ხელოსნობის სხვადასხვა დარგები – მეთუნეობა, ლითონისა და მინის წარმოება, ვაჭრობა და სხვა. მოსახლეობა წერა – კითხვის მცოდნე იყო, რასაც ადასტურებს ჩვენამდე მოღწეული წარწერები საფლავის ქვებსა თუ თიხის ჭურჭელზე. IV-VIII საუკუნეების რუსთავს “ბოსტან-ქალაქსაც” უწოდებდნენ (“ვოსტან” – საუფლისწულო), რადგან ამ დროიდან ის რევიან უფლისწულთა რეზიდენციად და საუფლისწულო ქალაქად იქცა. რუსთავის დაწინაურებას ამ ფაქტორთან ერთად ხელს უწყობდა სავაჭრო გზების სიახლოვეც.

ციხე, ქალაქი და მისი სამაროვანი დღევანდელი სპორტის,  ფიროსმანისა და ბოსტან-ქალაქის ქუჩებს შორის მდებარეობდა და საინტერესო დაგეგმარება ჰქონდა. ქალაქის ცენტრში ეკლესია იყო აღმართული, ეკლესიის ეზოში დიდგვაროვანთა ნეკროპოლი მდებარეობდა და ქვის რელიეფებით დამშვენებული სტელები იდგა. ეკლესიისაკენ სწორხაზოვნად გაყვანილი ქუჩები მიემართებოდა, რომელთაც სავაჭრო რიგები მიუყვებოდა. აქ იყო მდიდრული საცხოვრებელი უბანი, გათლილი ქვისაგან ნაგები კაპიტალური შენობებითა და რიგით მოქალაქეთა უბრალო საცხოვრებლებით. მარჯვენა ნაპირზე მდებარე ქალაქის ეს ნაწილი შემოზღუდული უნდა ყოფილიყო. (1953 წ. ციხის სიახლოვეს შემთხვევით გამოჩენილი მძლავრი 2,5 მ. სიგანისქვის კედელი, შესაძლოა ამ ზღუდის ნაშთი იყო). მეორე საცხოვრებელი უბანი  მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა, მტკვრიდან  დღევანდელი ვახუშტისა და გურამიშვილის ქუჩების ხაზამდე. ქალაქის მოსახლეობა 20 000 კაცზე მეტს შეადგენდა, ხოლო მისი საერთო ფართობი დაახლოებით 40 ჰექტარს მოიცავდა.

V-VIII საუკუნეებში რუსთავი საუფლისწულო ქალაქი და კუხეთის საერისთავოს ცენტრი იყო, V საუკუნიდან კი –საეპისკოპოსო ცენტრიც.

735-737 წლებში მურვან ყრუს შემოსევის შედეგად, რუსთავი დაინგრა და შემდგომში მხოლოდ მტკვრის მარცხენა ნაპირზე აგრძელებდა არსებობას. VIII საუკუნის ბოლო მეოთხედში ის კახეთის მთავარმა გრიგოლმა დაიკავა. კუხეთის საერისთავო გაუქმდა და კახეთს შეუერთდა.

IX საუკუნეში დაზიანებული ციხე აღადგინეს და მას ახალი, ძლიერი ზღუდე შემოარტყეს. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეში სასახლე  აშენდა, რომელიც თავისი გეგმარებით სრულიად განსხვავებულია საქართველოს სხვა ცნობილი სასახლეებისაგან.

სინას მთაზე აღმოჩენილი X ს. ხელნაწერის მიხედვით რუსთავში IX საუკუნეში რუვისთაველთა (რუსთაველთა) საგვარეულო არსებობდა, რაც ამყარებს თვალსაზრისს შოთა რუსთაველის ამ ქალაქიდან წარმოშობის შესახებ.

IX საუკუნეში რუსთავი თბილისის საამიროს შემადგენლობაში შევიდა, ხოლო 1068 წელს ის ალფ-არსლანმა აიღო. ქალაქი მეფე ბაგრატ IV-მ დაიბრუნა. მისი სიკვდილის შემდეგ ის ჯერ ლიპარიტ ბაღვაშს ეკავა, შემდეგ კი კახეთის ქორეპისკოპოსს. XI საუკუნის 80-იან წლებში რუსთავი თურქ-სელჯუკების ხელში იყო. 1115 წელს ის დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა. ამ დროიდან რუსთავი სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარეს, კვლავ გამოცოცხლდა საქალაქო მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგები, მეაბრეშუმეობა, მეფუტკრეობა, მესაქონლეობა. მოჰყავდათ მარცვლეული კულტურები, აშენებდნენ ვენახს, ყვაოდა ხელოსნური დარგები – მეთუნეობა და მინის დამუშავება. ინტენსიურად ვაჭრობდნენ მეზობელ ქვეყნებთან. ადგილობრივი ფეოდალებისა და სამეფო მოხელეების გარდა მნიშვნელოვან ქონებას ფლობდა ეკლესიაც.  თამარ მეფის დროს რუსთავმა რამოდენიმე მფლობელი გამოიცვალა. ამ პერიოდში ციხე და მისი სასახლე კიდევ ერთხელ განაახლეს, უშუალოდ ქალაქს კი შედარებით მცირე ტერიტორია ეკავა, ვიდრე  VIII საუკუნეში.

თავისი განვითარების ზენიტში, 1265 წ. ქალაქი საბოლოოდ განადგურდა ბერქა ყაენის შემოსევის შედეგად. ამიერიდან რუსთავი მთელი გვიან შუასაუკუნეების მანძილზე მხოლოდ მცირე დასახლება იყო, რომლის მოსახლეობაც ციხის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. რუსთაველმა ეპისკოპოსმა მარტყოფში გადაინაცვლა, თუმცა ისევ რუსთველად იწოდებოდა.

წყარო: aboutrustavi

რუსთავს გაუმარჯოს!
რუსთაველებს სალამი!