გეოგრაფია და კლიმატი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ნინოწმინდა. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით წალკა ესაზღვრება, დასავლეთით – ახალქალაქი, აღმოსავლეთით – დმანისი, სამხრეთ-დასავლეთით – თურქეთის რესპუბლიკა, სამხრეთით კი – სომხეთი. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი სამხრეთით ნაიყულის ქედითაა შემოსაზღვრული, ჩრდილოეთით, სამსრისა და ჯავახეთის ქედების შემაერთებელი სერით, დასავლეთით – სამსრის ქედით, აღმოსავლეთით კი – ჯავახეთის ქედის თხემით. რაიონის რელიეფისთვის დამახასიათებელია ნამარხი ვულკანები და სიმაღლეები. ნინოწმინდა 7-8 ბალიან სეისმურ ზონაში მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ფარავანი. რაიონი პატარა მდინარეებითა და წყაროებითაა დანაწევრებული. ნინოწმინდა ტბების სიმრავლით გამორჩევა, აქ მდებარეობს ზედაპირის ფართობით საქართველოს უდიდესი ტბა – ფარავანი. აღსანიშნავია აგრეთვე მადათაფის, ხანჩალის, საღამოს და ბუღდაშენის ტბები. ტბებსა და მდინარეებში მრავალი სახეობის თევზია. რაიონში ძირითადად ალპური ზონისთვის დამახასიათებელი ფლორა გვხვდება. ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უტყეოა და მთის და მდელო-ველის მცენარეულობით არის დაფარული. ტბების ირგვლივ, დაჭაობებულ ტაფობებში, წყლისა და ჭაობის მცენარეულობაა გავრცელებული, 2200 მეტრზე მაღლა კი სუბალპური და ალპური მდელოები იწყება. ნინოწმინდის რაიონში მთიანი ზონისთვის დამახასიათებელი ფაუნაა, გვხვდება: მგელი, მელა, მაჩვი, ნუტრია, სკუნსი, წავი, ტურა, ზაზუნა და სხვა. რაიონის მრავალრიცხოვან ტბებზე 200-მდე სახეობის ფრინველს შეხვდებით (მათ შორის მიგრანტები, ზაფხულის ბინადრები, ბუდის მკეთებელი და წყლის ფრინველები).

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ზეგნის სხვადასხვაგვარი კონტინენტური ჰავაა, რადგან რელიეფი მკვეთრი ჰიფსომეტრიული დიაპაზონით ხასიათდება. ზამთარი ცივი და მცირეთოვლიანია, ზაფხული კი – გრილი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა – – 10,6 °C, აგვისტოსი კი – 13,1 °C.

წყარო: georgiantravelguide

ნინოწმინდას გაუმარჯოს!
ნინოწმინდელებს სალამი!