ბუასილი

ბუასილი, ჰემოროი, hemorrhoid(s)

ბუასილი (ჰემოროი)- სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილის ვენების კვანძოვანი გაგანიერება. თან ახლავს სისხლდენა, ზოგჯერ თრომბოზი, ანთება, ქავილი და რიგი სხვა პროცესები.

proq

სტატისტიკა

სწორი ნაწლავის დაავადებათა შორის,  ბუასილი (ჰემოროი) – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. შესაბამისად ბუასილი (ჰემოროი) არის პროქტოლოგთან მიმართვის ყველაზე ხშირი მიზეზი.
ცხოვრების თანამედროვე წესების გამო, ბუასილით (ჰემოროით) დავადებულთა რაოდენობა იზრდება. პროქტოლოგთა პაციენტების  40% სწორედ ბუასილის (ჰემოროის) გამო მიმართავს ექიმს.
ბუასილი იშვიათად გვხდება  ახალგაზრდებს შორის (20 წლამდე). ძირითადად, ბუასილით ავადდებიან 25-დან 65-წლამდე. საკმაოდ რთულია იმის თქმა, თუ რა სიხშირით გვხვდება ბუასილი (ჰემოროი) მამაკაცთა და ქალთა შორის. ძირითადი მიზეზია ის , რომ ავადმყოფები, საკითხის დელიკატურობის გამო თავს არიდებენ პროქტოლოგთან ვიზიტს. გამორიცხული არაა  ბუასილი (ჰემოროი) ქალთა და მამაკაცებს შორის გვხვდებოდეს  ერთნაირი სიხშირით.
ხშირად ბუასილი  ვლინდება და მწვავდება  ორსულ ქალებში ან მშობიარობისას. სტატისტიკური მონაცემებით: გოგონებში ბუასილი ვლინდება 5-ჯერ იშვიათად, ვიდრე ერთხელ მაინც ნამშობიარევ ქალებში. მშობიარეთა ასაკის გათვალისწინებით, ქალებში, რომლებმაც იმშობიარეს 30 წლის ასაკში, ბუასილი გვხვდება 3-ჯერ იშვიათად, ვიდრე ორსულობისას 20 წლის ასაკში.

კლასიფიკაცია

 კლასიფიკაცია დაავადების მიმდინარეობის მიხედვით:

  1. მწვავე ბუასილი
  2. ქრონიკული ბუასილი

 კლასიფიკაცია ლოკალიზაციის მიხედვით

  1. გარეგანი ბუასილი
  2. შიგნითა ბუასილი

კლასიფიკაცია სიმძიმის ხარისხით

  1. სამი, სხვა მონაცემებით – ოთხი.

კლასიფიკაცია სტადიებით

  1. ბუასილის  პირველი სტადია – ჰემოროიდული კვანძების გადიდება, თანმდევი სისხლდენით;
  2. ბუასილის  მეორე სტადია – ჰემოროიდული კვანძები გამოვარდებიან დეფეკაციისას, შემდგომ დამოუკიდებლად ჩასწორდებიან;
  3. ბუასილის მესამე სტადია – ჰემოროიდული კვანძები გამოვარდებიან დეფეკაციისას, მაგრამ მათი ჩასწორება ხდება ხელით;
  4. ბუასილის მეოთხე  სტადია –ჰემოროიდული კვანძები გამოვარდებიან და არ ჩასწორდებიან.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

დაავადებას საფუძვლად უდევს სწორი ნაწლავის კავერნოზულ ვენებში სისხლის მიმოქცევის რეგულაციის დარღვევა, რაც იწვევს სისხლის შეგუბებას.
ხელშემწყობი ფაქტორებია: ცხოვრების ნაკლებმოძრავი წესი, ყაბზობა, ანთებითი ან სიმსივნური პროცესები სწორ ნაწლავსა და მცირე მენჯის სხვა ორგანოებში.
ვენების ხანგრძლივი გადავსება იწვევს მათი კედლებისა და საფარი გარსების გაფართოებასა და გათხელებას, მიღებული ტრავმების შედეგად კი მცირე ეროზიებისა და ნახეთქების წარმოქმნას. ვლინდება სისხლდენა დეფეკაციის აქტის ან უკანა ტანის ჰიგიენური დამუშავების დროს.
გარდა ამისა, ეროზიებისა და ნახეთქების წარმოქმნა გარკვეულ პირობებს ქმნის მათი ინფიცირებისათვის; შედეგად ვითარდება ანთებითი პროცესები ჰემოროიდული კვანძების თრომბოზის ფონზე (მწვავე ბუასილი).

ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ბუასილის განვითარება

  • საფაღარათო საშუალებები
  • ოყნები და სხვა მექანიკური შემხებები პროვოცირებას უკეთებს ბუასილს (ჰემოროის)
  • მენსტრუაცია
  • ორსულობა, მშობიარობა (ქალებს უვითარდებათ წნევის მომატება მუცლის ღრუში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბუასილი)
  • შეკრულობა (მატულობს წნევა სწორ ნაწლავში და სისხლი მიეწოდება ჰემოროიდულ კვანძებს, რაც იწვევს მათ გადიდებას და შემდგომ ამოვარდნას ანუ ბუასილს)
  • მენჯის სიმსივნეები ბუასილის ერთ–ერთი გამომწვევი მიზეზია
  • სიმსუქნე
  • ანთება მცირე მენჯის ღრუში
  • ორალური კონტრაცეპტივები
  • ანალური ხვრელის ზედმეტად  ხშირი ჰიგიენა
  • ცხოვრების მჯდომარე რეჟიმი  (იწვევს სისხლის შეგუბებას მცირე მენჯის ღრუში, რასაც მოჰყვება ჰემოროიდული კვანძების გადიდება – ბუასილი)
  • მცენარეული ბოჭკოების არასაკმარისი რაოდენობით შემცველი საკვების მოხმარება
  • მცირე რაოდენობით ცელულოზის შემცველი, მწარე, მარილიანი, ცხარე საკვების, ჩაის, ყავის, კვებაში მწარე და ცხარე საკვების ხშირი მოხმარება  (იწვევს ანალური ხვრელის მიდამოს გაღიზიანებასა და ბუასილის განვითარებას)
  • ალკოჰოლის ხშირი და ზედმეტი მოხმარება (იწვევს სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვან მომატებას ანალურ მიდამოში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰემოროიდული სისხლდენა)
  • მემკვიდრული ფაქტორები (ხშირად ბუასილი ოჯახური დაავადებაა)
  • ხანგრძლივი ჯდომა უნიტაზზე, გადამეტებული ჭინთვა (მჯდომარედ ხანგრძლივად ყოფნა, როდესაც შორისის კუნთები მოდუნებულია, იწვევს ჰემოროიდული კვანძების  დამაგრების გაწყვეტას და ბუასილის  განვითარებას)
  • არატრადიციული (ანალური) სექსი
  • სპორტი: ჯირითი, მოტოციკლი, ველოსიპედი და ა.შ; სპორტის მძიმე სახეობები (შტანგა, ბირთვისკვრა და ა.შ)
  • მძიმე ფიზიკური სამუშაო, გადამეტებული ფიზიკური დატვირთვა და სიმძიმის  აწევა  (იზრდება მუცლის ღრუს წნევა, რაც იწვევს ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნას და ბუასილის (ჰემოროის) განვითარებას)

რისკ-ჯგუფები

ერთ-ერთი ზემოაღნიშნული მიზეზის არსებობის შემთხვევაში, ადამიანი მიეკუთვნება ბუასილის  (ჰემოროის)  რისკ–ჯგუფებს და საჭიროა პროფილაქტიკა.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ამავე დროს, ეს სიმპტომები შეიძლება იყოს გამოვლინება სხვა პათოლოგიებისა, როგორიცაა კიბო ან პოლიპები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სიმპტომების აღმოჩენისთანავე გამოკვლევების ჩატარება და სწორი დიაგნოზის დადგენა.
გაურთულებელი ბუასილის (ჰემოროის) დროს ავადმყოფები უჩივიან ქავილს, უცხო სხეულის გრძნობას უკანა ტანის არეში, სისხლდენას; თანდათანობით ვითარდება ანემია. გართულებების დროს წარმოიქმნება ძლიერი ტკივილი, მატულობს ტემპერატურა, ვლინდება შეშუპება და ჰიპერემია უკანა გასავლის მიდამოში;
დეფეკაციის აქტი  გაძნელებულია, ზოგჯერ აღინიშნება შარდის შეკავება. დაავადება მიმდინარეობს პერიოდული გამწვავებებითა და გართულებებით, ხანგრძლივად, გამოხატულ ანემიამდე და ჩირქოვან ანთებამდე, კვანძების თრომბოზითა და ნეკროზით.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დადგენა ხდება დამახასიათებელი ჩივილების მიხედვით, გამოვარდნილი კვანძების გამოვლინებით, სწორი ნაწლავის გასინჯვითა და რექტორომანოსკოპიით.
აუცილებელია ბუასილის (ჰემოროის) დიფერენცირება სწორი ნაწლავის სისხლმდენი პოლიპებისაგან და სიმსივნეებისაგან, ასევე დივერტიკულოზისა და მისი ანთებითი დაზიანებებისაგან.

დიაგნოსტირების მეთოდები

  1. ანამნეზი
  2. პერიანალური მიდამოს ვიზუალური დათვალიერება
  3. პალპაცია
  4. რექტოსკოპული გამოკვლევა
  5. ანოსკოპია
  6. სიგმოიდოსკოპია

ანოსკოპია და სიგმოიდოსკოპია ყველაზე თანამედროვე მეთოდია ბუასილის დიაგნოსტიკისთვის ამ მეთოდებით შეაძლებელია სწორი ნაწლავის ვიზუალური კონტროლი  და ბუასილის დიფერენციალური დიაგნოსტიკა. თუმცა ეს გამოკვლევები არ ტარდება   თუ დაავადება მწვავე სტადიაშია. ასეთ დროს პაციენტს ენიშნება თერაპია, რაც ხსნის   გამწვავებას და მხოლოდ ამის შემდეგ  ტარდება ხარისხიანი გამოკვლევა, დისკომფორტის გარეშე.

 მკურნალობა

ადრეულ სტადიებზე კონსერვატიულია – ვარჯიში, დიეტა, მსუბუქი საფაღარათოები, სველი ტუალეტი დეფეკაციის შემდეგ, აბაზანები ცივი წყლით, სანთლები, ადგილობრივად – ანესთეზიური საშუალებები.
მწვავე გართულებების დროს – კვანძების თრომბოზისა და ანთებების დროს ინიშნება წოლითი რეჟიმი, დიეტა, ადგილობრივად – გამაგრილებელი საშუალებები, ანტიბიოტიკები.
კვანძების მნიშვნელოვანი გამოვარდნის დროს და სისხლდენებისას ტარდება ქირურგიული მკურნალობა. ავადმყოფის სტაციონარში მოთავსების აბსოლუტური ჩვენებაა ბუასილი (ჰემოროი),  გამოხატული ანემიითა და კვანძების მწვავე ანთებით.
ლიტერატურაში განასხვავებენ მკურნალობის რამდენიმე ძირითად ფორმას:

  1. შეკრულობასთან ბრძოლა ბუასილის მკურნალობის მეთოდადაა მიჩნეული;
  2. ბუასილის საწინააღმდეგო პრეპარატების, მალამოების, გელების, სანთლების გამოყენება;
  3. ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილის ინფრაწითელი კოაგულაცია, ლატექსის რგოლებით ლიგირება;
  4. ბუასილის ქირურგიული მკურნალობა ჰემოროიდული კვანძების მოცილების გზით (ჰემოროიდექტომია);
  5. ტრანსანალური ჰემოროიდული (დეარტერიალიზაცია, ლონგოს ოპერაცია);
  6. ბუასილის ფიტოთერაპია – სპეციალური სამკურნალო მასაჟი.

რეკომენდაციები ბუასილის გამწვავების დროს

საუკეთესო რჩევა, რაც ავადმყოფს შეიძლება მიეცეს, არის მიმართოს ექიმს.  მაგრამ, თუ ავადმყოფი ამას ვერ ახერხებს, ლიტერატურაში მიუთითებენ ზოგად რეკომენდაციებს გამწვავების მოსახსნელად (იხ. წყაროები [4],[5])

  1. დიეტა. პირველი, რასაც უნდა მიაღწიოთ დიეტის მეშვეობით, ესაა კუჭის-ნაწლავის მოქმედებისა და განავლოვანი მასის კონსისტენიიც ნორმალიზაცია და ყაბზობისა და ფაღარათის მოხსნა. განავალი უნდა იყოს ფაფისებური, ან რბილი ძეხვისებრი და რეგულარული. საკვები რაციონიდან უნდა გამორიცხოთ ცხარე, მარილიანი, ცხიმიანი საკვები, სპირტიანი სასმელები. კვების რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ბოსტნეული, ხილი, ქატო და ა. შ. ასევე საკმარისი რაოდენობით წყალი.
  2. ჰიგიენა. აუცილებლად ჩაიბანეთ ტუალეტისა შემდეგ.
  3. თბილი აბაზანა. სპინქტერის სპაზმის მოსახსნელად შეგიძლიათ მიიღოთ თბილი (არა ცხელი!) აბაზანა 10 – 15 წუთის განმავლობაში. გამოირიცხება ცხელი აბაზანის მიღება, ასევე საუნაც.
  4. ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა. დაავადების გამწვავების პერიოდში უკუნაჩვენებია აქტიური ფიზიკური დატვირთვები, სიმძიმეების აწევა, მძიმე ფიზიკური შრომა და სხვ.
  5. მედიკამენტები ინიშნება ექიმის დანიშნულებით. მედიკამენტური თერაპია მიმართულია ისეთი სიმპტომების მოსახსნელად, როგორიცაა ტკივილი, სისხლდენა, თრომბოზი, ანთება და  სისხლის მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებლად.

პროგნოზი

როგორც წესი, კეთილსაიმედოა. ადრეულ სტადიებზე ჩატარებული მკურნალობის შედეგად ხდება პროცესის სტაბილიზაცია და გამოჯანმრთელება. ქირურგიული ჩარევის შემდეგ უმრავლეს შემთხვევაში აღინიშნება გამოჯანმრთელება.


♦ პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ბუასილის მკურნალობის პროცესში: 


მკურნალობის დაწყება

ბუასილს დიდი დისკომფორტი შემოაქვს ავადმყოფის  ყოველდღიურ ცხოვრებაში და რაც უფრო დროზე მიმართავს ექიმს უკეთესია.
ექიმისათვის დროულად მიმართვის მეორე მიზეზი არის ის, რომ ბუასილის ფონზე შესაძლოა განვითარდეს ისეთი  დაავადებები, როგორიცაა ქრონიკული და მწვავე ანალური ნაპრალი, პარაპროქტიტი,  ანემია, რექტალური ფისტულა, ჩირქოვანი ანთება და ა.შ.
კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ბუასილის განკურნება უმჯობესია საწყის  სტადიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას შეიძლება მოჰყვეს ძლიერი გამწვავება  ან დაავადების მძიმე ფორმის  განვითარება. ერთადერთი გზა ასეთ დროს  ქირურგიული ჩარევაა.


ბუასილილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ბუასილი (ჰემოროი) – სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილის ვენების კვანძოვანი გაგანიერება, რომელსაც თან ახლავს:
➡️ სისხლდენა;
➡️ თრომბოზი;
➡️ ანთება;
➡️ ქავილი
🤰 ხშირად ბუასილი ვლინდება და მწვავდება ორსულ ქალებში ან მშობიარობისას
📈 სტატისტიკური მონაცემებით, გოგონებში ბუასილი ვლინდება 5-ჯერ იშვიათად, ვიდრე ერთხელ მაინც ნამშობიარევ ქალებში
🩸 დაავადებას საფუძვლად უდევს სწორი ნაწლავის კავერნოზულ ვენებში სისხლის მიმოქცევის რეგულაციის დარღვევა, რაც იწვევს სისხლის შეგუბებას
🖇 ხელშემწყობი ფაქტორებია:
☑️ ცხოვრების ნაკლებმოძრავი წესი;
☑️ ყაბზობა;
☑️ ანთებითი ან სიმსივნური პროცესები სწორ ნაწლავსა და მცირე მენჯის სხვა ორგანოებში
👉 გაიგეთ მეტი ბუასილის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან –
#ბუასილი #ბუასილისსიმპტომები #ბუასილისნიშნები #ბუასილისმკურნალობა #მწვავებუასილი #ბუასილისპროფილატქიკა #როგორმოვირჩინოთბუასილი #ბუასილისდიაგნოსტიკა #ბუასილისრისკფაქტორები #ანოსკოპია #კოლონოსკოპია #სიგმოიდოსკოპია #ყაბზობა #ხანგრძლივიჯდომა #სიმსუქნე #როგორვუმკურნალოთბუასილს #როგორხდებაბუასილისდაიგნოსტირება #რაარისბუასილი #ჰემოროი #ბუასილისპრეპარატები #ბუასილისპროგნოზი #რეკომენდაციებიბუასილისდროს #ბუასილისმიმდინარეობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


ბმები:
კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი,ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი.


ბუასილი, ჰემოროილიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

 

.