რა ვნახოთ თიანეთში

თიანეთი ძალიან მდიდარი რაიონია, როგორც კულტურული ძეგლებით, ასევე ბუნების სილამაზით. აქ შუა საუკუნეების მრავალი მნიშვნელოვანი ტაძარი და ციხესიმაგრეა. განსაკუთრებით ცნობილია ბოჭორმის ციხე-სიმაგრე და ეკლესია საინტერესო არქიტექტურითა და მოხატულობით, სასახლე ცხრაკარა და ჟალეთის ეკლესია. თიანეთში მდებარეობს ქართველი პოეტის, მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი, სადაც დაცულია მის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, ფოტო, დოკუმენტური მასალები და სხვ. ასევე უნდა ესტუმროთ თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, სადაც ნახავთ მასალებს ადრე ბრინჯაოს ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე,ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალებს, საეკლესიო დანიშნულების ნივთებს, ოთხთავის ხელნაწერ და ნაბეჭდ გამოცემებს, ქსოვილების ნიმუშებს (აღმ. საქართველოს მთიანეთის XIX ს-ის ფარდაგები, ხევსურული ხალხური სამოსელი და აქსესუარები), შუა საუკუნეების კერამიკულ ჭურჭელს და სხვა. თიანეთი მშვენიერი ბუნებითაც აღსანიშნავია. აქ შეძლებთ მრავალფეროვანი ლაშქრობების დაგეგმვას, ადგილობრივ კურორტებზე კომფორტულ დასვენებას და მრავალი სასიამოვნო ადგილის პოვნას ქალაქის ხმაურისგან განრიდებისა და პიკნიკისათვის. დაბა თიანეთში არის მშვენიერი გასართობი და დასასვენებელი ადგილი – კუჟანას ბაღი, სადაც ყოველი წლის აგვისტოს თვეში ბაღში იმართება ღონისძიება "თიანეთობა", ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები და ამასტან ერთად შესაძლებელია დააგემოვნოთ მთიანეთის საფირმო კერძები – ხინკალი, დამბალი ხაჭო და სხვა.

წყარო: georgiantravelguide.com

თიანეთს გაუმარჯოს!
თიანეთელებს სალამი!