ქალაქი ხონი – ქალაქი საქართველოში, ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 114 მ სიმაღლეზე. ხონი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება წყალტუბოს, სამტრედიას, ქუთაისს, მარტვილს, ბანძას. უახლოესი რკინიგზის სადგურია "სამტრედია" (22 კმ), ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი შეადგენს 21 კმ-ს.
ხონს დასავლეთით ესაზღვრება მარტვილის, სამხრეთ-დასავლეთით აბაშის, სამხრეთით – სამტრედიის, აღმოსავლეთით – წყალტუბოს, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით – ცაგერის მუნიციპალიტეტი.
დაბა ხონის წარმოშობა და განვითარება დაკავშირებულია ამ ტერიტორიაზე გამავალ სავაჭრო–საქარავნო გზებთან. დღემდე შემორჩენილია "ბუმბუას ხიდის" ბურჯი მდინარე ცხენისწყალზე. აქ ძველი წელთაღრიცხვით 65 წელს რომაელ სარდალს პომპეუსს გაუვლია და აუგია ასაწევი ხიდი, რომლის ნანგრევებიც დღემდეა შემორჩენილი.
ხონის ტერიტორიაზე ნაპოვნია გვიან ბრიჯაოს ხანის ნამოსახლარი, თუმცა აქ მუდმივი დასახლება ფეოდალურ ხანაში აღმოცენდა. დასახლება ხონის ეკლესიის გარშემო გაჩნდა. ხონის ეკლესია დიდი ზომის ბაზილიკური, სამნავიანი, უგუმბათო ნაგებობაა. მისი აშენების თარიღად VIII საუკუნე ითვლება.
1529 წელს ხონი გახდა საეპისკოპოსო ცენტრი, რამაც ხელი შეუწყო მის ტერიტორიულ ზრდასა და სამეურნეო-ეკონომიკურ აღმასვლას. ხონში ნაპოვნია "კოლხური თეთრის" 1270 მონეტა, ასევე ბიზანტიური და თურქული მონეტები. XVIII ს-ში ხონი წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს.
ხონი განსაკუთრებით განვითარდა XIX საუკუნეში. 20-30-იან წლებში ის უკვე მჭიდროდ დასახლებული პუნქტი იყო. 50-იან წლებში აქ გაიხსნა თამბაქოს ბაზრობა. ხონის, როგორც სავაჭრო ცენტრის ფუნქცია განპირობებული იყო მისი მდებარეობით დასავლეთის მთიანი და დაბლობი ტერიტორიების შესაყართან.
1865 წელს ხონში პირველი თეატრალური წარმოდგენა გაიმართა. 1883 წელს ნესტორ წერეთელმა და მისმა ძმამ გახსნენ ქართული წიგნის მაღაზია. 1890 წელს ხონში ჩამოყალიბდა პირველი სასულე ორკესტრი საქართველოში, 1907 წელს – თეატრალური დასი.
XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაბა ხონი ქუთაისის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამრეწველო ცენტრი იყო იმერეთში. პარასკეობით იმართებოდა დიდი ბაზრობა. გამართული იყო წყლის ძრავაზე მოქმედი ხე-ტყის და საფეიქრო ფაბრიკები, მოქმედებდა აგურ-კრამიტის ქარხანა, აღმავალი გზით ვითარდებოდა მეაბრეშუმეობა. ხონი იყო საქართველოში აბრეშუმის ძაფისა და ნართის დამზადების უმსხვილესი ცენტრი.
ხონი ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. 1926 წლისთვის ხონის მოსახლეობა შეადგენდა 9010 ადამიანს, ხოლო ფართობი 24,4 კმ2-ს. 1936-1989 წლებში ხონს წულუკიძე ერქვა. 1989 წელს ქალაქს დაუბრუნდა მისი ისტორიული სახელი – ხონი. 1996 წლიდან არის ხონისა და სამტრედიის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
წყარო: gda.ge
ხონს გაუმარჯოს!
ხონელებს სალამი!