ხულოს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და საინტერესო კულტურულ-ისტორიული ძეგლებით. თუკი მოგზაურობა და ბუნებაში ხეტიალი გიყვართ, აქ მრავალ საინტერესო ადგილს იპოვნით. ტბები, ჩანჩქერები, ამწვანებული მთები, ალპური მდელოები და საოცარი ხედები უამრავ ადამიანს იზიდავს და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მწვანე ტბა, შუამთის ტბები და ბაკოს ჩანჩქერები. მოლივლივე მომწვანო-მოლურჯო ტბები და მათი მშვენიერი შემოგარენი ულამაზეს სანახაობას ქმნის. ასევე, შეუძლებელია არ მოგხიბლოთ მწვანე ხეობაში კლდოვანზე გადმოკიდულმა ბაკოს ჩანჩქერებმა. გარდა ბუნების მშვენიერებისა ხულო კულტურული ძეგლებითაც მდიდარია. აქ მდებარეობს აჭარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი – სხალთის მონასტერი, რომელიც XII საუკუნით თარიღდება. აჭარაში ფაქტობრივად ყველა ტაძარი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი, ეს კიდევ უფრო ზრდის სხალთის ეკლესიის მნიშვნელობას. განსაკუთრებულად გამორჩეული ძეგლია X-XI საუკუნეების ხიხანის ციხეც, რომელიც გარდა ისტორიული მნიშვნელობისა, გასაოცარი და შთამბეჭდავი ხედებითაც გამოირჩევა. რაიონში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ: ვარდციხე, ციხისყელი, უჩხოს თაღოვანი ხიდი, კალოთის ეკლესია, ვანაძეების ეკლესია და სხვა. ხულოს ერთ-ერთი ტურისტული ობიექტია ხულო-თაგოს საბაგირო გზა, საიდანაც საოცარი გაშლილი სივრცეები გადაგეშლებათ თვალწინ. თუკი მთის კურორტების მოყვარული ხართ და ლამაზ, კოხტა კოტეჯში კომფორტული დასვენება გსურთ, ამისთვის შესანიშნავია ხულოს კურორტები – გოდერძი და ბეშუმი. რაიონში ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ ხულოს დრამატულ თეატრსა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმს.
წყარო: georgiantravelguide
ხულოს გაუმარჯოს!
ხულოელებს სალამი!