რა ვნახოთ ჩოხატაურში

ჩოხატაური გამოირჩევა სილამაზით, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა სრულიად სიმწვანეშია ჩაფლული და გარშემო აკაციის ყვავილის სურნელი ტრიალებს. ვინც ბახმაროს წვევია და „მზის ჩასავალი გორიდან“ მინავლული სხივებით ავარდისფერებული ღრუბლების ზღვისთვის გადაუხედავს, ანდაც პირველ სხივებს შეხვედრია „მზის ამოსავალ გორზე“, ეს სანახაობა ნამდვილად არასოდეს დაავიწყდება. ბახმაროში მიმავალი კი აუცილებლად უნდა გაჩერდეთ ნაბეღლავში და მინერალური წყალი დააგემოვნოთ, ეს ბახმაროსკენ მიავალი დამსვენებლებისა თუ მოგზაურებისთვის ერთგვარი ტრადიციაა. ჩოხატაური ტბებისა და ჩანჩქერების სიმრავლით არ გამოირჩევა, თუმცა ალპურ მდელოებსა და მოლურჯო მთებს შორის მოქცეული ჯაჯის ტბა, თვალუწვდენელი ხედებით, ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილია ხეტიალის მოყვარულთათვის. ბუნების სილამაზესთან ერთად, რაიონში უძველესი და საინტერესო კულტურულ-ისტორიული ძეგლების მონახულებასაც შეძლებთ: ეკლესია-მონასტრები, ციხე-სიმაგრეთა ნანგრევები, ერისთავთა რეზიდენცია და სხვა. განსაკუთრებით ცნობილია XIII-IX საუკუნეების ერკეთის მთავარანგელოზის ეკლესია და ნახევრად კლდეში გამოკვეთილი უდაბნოს მამათა მონასტერი. ჩოხატაურში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალა მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VI-V საუკუნეებიდან განვითარებულ შუასაუკუნეებამდე (სამუშაო იარაღები, ჭურჭელი, სხვადასხვა ინვენტარი, ნუმიზმატური ნიმუშები, საბრძოლო იარაღი და ა.შ.).

წყარო: georgiantravelguide.com

ჩოხატაურს გაუმარჯოს!
ჩოხატაურელებს სალამი!