ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარეში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ჩხოროწყუ. მას აღმოსავლეთით მარტვილის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, დასავლეთით – წალენჯიხის, სამხრეთ-დასავლეთით – ზუგდიდის, ჩრდილოეთით – მესტიისა და ლენტეხის, სამხრეთით კი – სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტები. რაიონი გორაკ-ბორცვიანია და რელიეფის სიმაღლე ზღვის დონიდან 200 მეტრიდან 3000 მეტრამდე მონაცვლეობს. ტერიტორიის სამხრეთი ნახევარი კოლხეთის ბარის ფარგლებშია და სუსტად დანაწევრებულ ვაკესა და მთისწინეთს წარმოადგენს. ჩრდილოეთ ნახევარში მთაგორიანი რელიეფია. ჩრდილოეთით მდებარეობს ეგრისის ქედი, რომელიც მდინარე ხობისწყლისა და მისი შენაკადების ღრმა ეროზიული ხეობებითაა დანაწევრებული. რაიონის უმაღლესი ადგილია მთა ომაჭირხოლე, მისი სიმაღლე 3166 მეტრია. მუნიციპალიტეტში გხვდება ბევრი მღვიმე, ჩანჩქერი და ტბა. ჩხოროწყუში გავრცელებულია ბზის, წაბლისა და წიფლის ტყეები, მდინარე ხობისწყლის ზემო წელში კი ფართოდაა წარმოდგენილი წიწვოვანი მცენარეები და ალპური ზონა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. ბარისთვის დამახასიათებელია რბილი ზამთარი და ხანგრძლივი, ცხელი ზაფხული, მთისიწნეთში ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი, თბილი ზაფხული იცის, დაბალმთიან ზონაში – ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული, საშუალმთიან ზონაში კი – შედარებით ხანგრძლივი ცივი ზამთარი და გრილი მოკლე ზაფხული. ეგრისის ქედის მაღალმთიან ზონაში ნამდვილ ზაფხულს მოკლებული მკაცრი ჰავაა. ბარში იანვრის საშუალო ტემპერატურაა 3,5°C, საშუალმთიან ზონაში –4°C, ივლისის საშუალო ტემპერატურა კი – 23-12°C.
წყარო: georgiantravelguide.com
ჩხოროწყუს გაუმარჯოს!
ჩხოროწყუელებს სალამი!