ყაზბეგის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარეობს და ისტორიული მხარის, ხევის ტერიტორიას მოიცავს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა სტეფანწმინდა. სამხრეთ-აღმოსავლეთით მას ესაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით – ახალგორის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით – ჯავის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით კი – რუსეთის ფედერაცია. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთლიანად მაღალმთიანია. მთავარი ოროგრაფიული ერთეულია ხევის კავკასიონი, აგრეთვე მერიდიანული შანის, ყუროსა და კიდეგანის ქედები; გვერდითი ქედებიდან — ხოხის ქედი. ჰიდროგრაფიული ქსელი ხშირია. მუნიციპალიტეტი მდიდარია მდინარეებით, ტბებით, მყინვარებითა და მინერალური წყაროებით. მის ტერიტორიაზეა ყაზბეგის ეროვნული პარკი, სადაც მრავალ იშვიათი ჯიშის ცხოველსა თუ ფრინველს ვხვდებით. მთავარი მდინარეა თერგი, რომლის სიგრძე აქ 85 კმ-მდეა და სათავეს ხოხის ქედის მყინვარებში იღებს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაედინება აგრეთვე მდინარე მთიულეთის არაგვი. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულია ჰავის სიმაღლებრივი ზონალობა: დაწყებული ზომიერ ნოტიოდან, დამთავრებული მაღალმთის ნოტიო მუდმივთოვლიანი ჰავით. ზღვის დონიდან 1740 მ-ზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, ცივი, მშრალი ზამთრით და ხანგრძლივი, გრილი ზაფხულით, სადაც იანვრის საშუალო წლიური ტემპერატურაა – – 5,2 °C, ივლისისა კი – 14,4 °C. 2000 მ-ზე უფრო მაღლა ნამდვილზაფხულს მოკლებული ჰავაა. 3650 მ სიმაღლეზე საშუალო წლიური ტემპერატურაა – 6,1 °C, იანვრისა კი – – 15 °C.
წყარო: georgiantravelguide.com
ყაზბეგს გაუმარჯოს!
ყაზბეგელებს სალამი!