ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტი — მუნიციპალიტეტი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში.

ისტორია

ხინოწმინდა

ქობულეთი განსაკუთრებით მდიდარია ქვის ხანის, ადრე ფეოდალური და ანტიკური ძეგლებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ქვის ხანის ორი არქეოლოგიური ძეგლი (ხუცუბნისა და ქობობულეთის არქეოლოგიური ძეგლები) და ერთი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლი (ჩაისუბანი).

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია წარმოადგენდა ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის, გურიის ნაწილს, ქვემო გურიას, ხოლო რელიგიური დაყოფით შედიოდა ხინოწმინდის საეპისკოპოსოში. ქვემო გურიაში იყო თავდგირიძეების, გუგუნავების და მანველიშვილების სათავადოები. XVIII საუკუნიდან ოსმალეთის იმპერიამ დაიწყო ქვემო გურიის თანდათანობითი დაპყრობა. 1703 წელს ოსმალეთმა დაიპყრო ბათუმისა და ჩაქვის მხარეები და უშუალოდ დაუმეზობლდა ქვემო გურიას, ხოლო 1768-1774 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ საბოლოოდ მიისაკუთრა ქვემო გურია. ოსმალებმა ჯერ 1769 წელს აიღეს ციხისძირი და ქობულეთი, ხოლო 1772 წლის მაისში ხინოწმინდა.[3]

საზღვარი ოსმალეთსა და გურიის სამთავროს შორის მდინარე ცხრაფონაზე გაივლო. დაიწყო ამ მხარის გამაჰმადიანების პროცესი, რომელიც ერთი საუკუნე გაგრძელდა. ოსმალეთის შემადგენლობაში აღნიშნული ტერიტორია ქმნიდა ჩურუქ-სუს კაზას (ოლქს), რომელიც ლაზისტანის სანჯაყში შედიოდა. რუსეთის იმპერიას ჩურუქ-სუს მიერთება შეეძლო 1829 წელს, მაგრამ ადრიანოპოლის ხელშეკრულებაში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გამო პირიქით, საზღვარმა უფრო ჩრდილოეთით გადაიწია და მდინარე ჩოლოქზე გაიარა.[4]

1865 წლის მონაცემებით ჩურუქ-სუს კაზაში 16 სოფელი შედიოდა, სადაც იდგა 1403 სახლი, მოქმედებდა 17 მეჩეთი, ათი მედრესე 18 წისქვილი, 145 დუქანი და 5 ყავახანა, ცხოვრობდა 3592 ქართველი მუსლიმი და 538 ჩერქეზი მუჰაჯირი. მოსახლეობა აწარმოებდა სიმინდსა და სამშენებლო ხე-ტყეს.[5] 1873 წელს დიმიტრი ბაქრაძის ცნობით ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა თურქული გვარები, მაგრამ ახსოვდათ ქართული წარმომავლობა და იყენებდნენ ქართულ გვარებსაც.[6]

ჩურუქ-სუს მითვისება რუსეთის იმპერიამ მოახერხა 1878 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ. რუსეთმა ის ბათუმის ოლქის ბათუმის ოკრუგის შემადგენლობაში შეიყვანა კინტრიშის უბნის სახით. 1930 წელს შეიქმნა ქობულეთის რაიონი. 1962-64 წლებში შედიოდა ჩაქვის რაიონის შემადგენლობაში ცენტრით დაბა ჩაქვში. 1964 წლის 7 აპრილს ჩაქვის რაიონი გაუქმდა და ისევ აღდგა ქობულეთის რაიონი ცენტრით ქალაქ ქობულეთში. 2006 წლიდან ქობულეთის რაიონს ეწოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტი.[7]

ქობულეთს გაუმარჯოს!
ქობულეთელებს სალამი!