ტყიბულის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს, ოკრიბის ქვაბულში, ზღვის დონიდან 600-800 მეტრზე. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ტყიბული. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ამბროლაური ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთით – ჭიათურა, სამხრეთით – თერჯოლა, სამხრეთ-დასავლეთით – ქალაქი ქუთაისი, დასავლეთით კი – წყალტუბო. ტყიბულის მუნიციპალიტეტი მოიცავს ათ ადმინისტრაციულ ერთეულს, ესენია: ქალაქი ტყიბული, გურნა, კურსები, ორპირი, საწირე, სოჩხეთი, ხრესილი, ჯვარისა, მუხურა და ცუცხვათი. რაიონი გაშენებულია მდინარე ტყიბულას ორივე ნაპირზე, რომელიც ტყით დაფარული მთაგორიანი ტერიტორიითაა შემოფარგლული. ტყიბულის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: ლეხიდარი, ძუსა, ტყიბულა, მაღარა-ჭიშურა, წყალწითელა, ქვეხუნა. რაიონში გვხვდება რამდენიმე ჩანჩქერი. მუნიციპალიტეტი მდიდარია ისეთი წიაღისეულით, როგორიცაა ქვანახშირი და ტეშენიტი. მოიპოვება ასევე: მინერალური წყლები, დიპტოლიტური და ნახშიროვანი ფიქალები, ქალცედონი, ბარიტი, კვარცის ქვიშები, მარმარილო, ბაზალტი, გიშერი, ცეცხლგამძლე და საცემენტე თიხები. მრავალფეროვანია რაიონის ფლორა და ფაუნა. აქაურ ტყეებში გვხვდება: ბზა, უთხოვარი, შქერი, წაბლი და სხვა.
ტყიბულის ტერიტორია ზღვის სუბტროპიკული კლიმატის ნოტიო ოლქს მიეკუთვნება. ჩამოყალიბებულია ნოტიო ჰავა საკმაოდ ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურაა +9 – +14°C.
წყარო: georgiantravelguide.com
ტყიბულს გაუმარჯოს!
ტყიბულელებს სალამი!