ტელეფისის ციხე სამტრედიის მუნიციპალიტეტი

ტელეფისის ციხე იმერეთის მხარეში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში მდებარეობს. იგი ადრეულ შუასაუკუნეებს მიეკუთვნება და VI საუკუნით თარიღდება. ციხე ზემოდან დაჰყურებს მდინარე რიონის ხეობას და სტრატეგიული სიმაგრე იყო. 553 წელს ტელეფისის ციხისთვის ბრძოლა გაიმართა ეგრის-ბიზანტიისა და ირანის ჯარს შორის, ეგრისის დიდი ომის დროს. ბიზანტიელი მემატიანე აგათია სქოლასტიკოსი მოგვითხრობს: “სარდალი მარტინე მისი ხელქვეითი ჯარებით ტელეფისში დაბინავებულიყო. ეს ციხე მტკიცე და ძალიან მაგარაია. ის დიდის გულმოდგინებით იცავდა შესასვლელებს. ეს ადგილი ძნელ-სავალი და მიუდგომელია”. XVII საუკუნემდე ეს ციხესიმაგრე თავად ჭილაძეების მფლობელობაში იყო, XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან კი დადიან-ჩიქოვანთა მფლობელობაში გადავიდა. დღესდღეობით ტელეფისის ციხისგან მცირე ნანგრევებია შემორჩენილი. დღემდე მოაღწია დასავლეთის კედელმა, რომლის სიმაღლე 20-25 მეტრს აღწევს, სისქე კი – 3,6 მეტრია და აღმოსავლეთ კედლის ფრაგმენტებმა. ტელეფისის ციხე ნაგებია ადგილობრივი წარმოშობის ფლეთილი ქვით სქელ დუღაბზე. ბორცვზე ალაგ-ალაგ მიწაში ღრმად ზის ჩამონაშალი წყობის ფრაგმენტები.

წყარო: georgiantravelguide.com

სამტრედიას გაუმარჯოს!
სამტრედიელებს სალამი!