საჩხერის შესახებ

საჩხერის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან ცხოვრობდა, რასაც არქეოლოგიური აღმოჩენები და უძველესი ნამოსახლარებიც ადასტურებს. საჩხერეში მრავლადაა აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები და გორასამარხები, ბრინჯაოსა და რკინის სახელოსნოები, ანტიკური ნაგებობების ნაშთები, სამკაულები, კოლხური კერამიკა და სხვა. სხვადასხვა პერიოდის ძეგლები და არტეფაქტები გვიჩვენებს ცივილაზაციის უწყვეტ კვალს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უძველესი დროიდან დღემდე. საჩხერეში შემონახულია შუასაუკუნეების ეკლესიები და ციხე-სიმაგრეები, რაც მის კულტურულ განვითარებაზე მეტყველებს. გვიან ფეოდალურ ხანაში ის დაწინაურებულ სავაჭრო პუნქტს წარმოადგენდა. წერილობით წყაროებში საჩხერე პირველად XVII საუკუნეში იხსენიება. გვიან შუასაუკუნეებში მუნიციპალიტეტის ტერიტორია სხვადასხვა ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა. წერეთლების რეზიდენცია მოდინახეს ციხე იყო, აბაშიძეებისა კი – სოფელი ჭალა. 1928 წლამდე საჩხერე ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში შედიოდა, 1928-1930 წლებში – ქუთაისის ოლქში, 1930-1939 წლებში – ჭიათურის რაიონში. 1939 წლიდან კი ის დამოუკიდებელი რაიონია. დღესდღეობით საჩხერეში ფუნქციონირებს მუზეუმები, ბიბლიოთეკები, თეატრი და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. რაიონში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მევენახეობა, მესაქონლეობა, მარცვლეული და ბოსტნეული კულტურები. რამდენიმე სოფელში აქტიურად მოიპოვებენ კვარიციანი ქვიშას. მუნიციპალიტეტს აქვს ტურისტული პოტენციალიც, რასაც ბუნების სილამაზე, ბალნეო-კლიმატური კურორტი კვერეთი და კულტურული ძეგლების სიმრავლე განაპირობებს. საჩხერის გაშლილი ვაკეები თუ მწვანეში ჩაფლული ქედები, ისტორიული ციხე-სიმაგრეები და უძველესი ტაძრები გულგრილს არავის ტოვებს.

წყარო: georgiantravelguide.com

საჩხერეს გაუმარჯოს!
საჩხერელებს სალამი!