რუსთავის შესახებ

რუსთავი ქალაქი და მუნიციპალიტეტია აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში. რუსთავის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ შუა ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდა. მსხვილი დასახლებები აქ გვიან ბრინჯაო – ადრე რკინის ხანაში გაჩნდა. რუსთავი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და მის მშენებლობას ლეონტი მროველი ქართველთა წინაპრის, ქართლოსის ცოლს მიაწერს. XII—XIII საუკუნეებში ქალაქი განვითარების მაღალ საფეხურზე იმყოფებოდა, ყვაოდა ხელოსნობის სხვადასხვა დარგები: კერამიკის, მინის, ლითონის, ტყავის, ძვლის, ხის, ასევე საფეიქრო წარმოება. 1265 წელს ბექა-ყაენის ლაშქრობის შედეგად კი რუსთავმა არსებობა შეწყვიტა. ამ გამანადგურებელი ლაშქრობის შემდეგ მხოლოდ რუსთავის ციხის ნანგრევებიღა შემორჩა. იგი ერთადერთი ციხეა საქართველოში, რომელშიც ფრესკული ნიმუშები გვხვდება. რუსთავი XX საუკუნემდე ნანგრევების სახით არსებობდა. 1944 წელს ისტორიული ნაქალაქარის ტერიტორიაზე უზარმაზარი მეტალურგიული ქარხნის მშენებლობა დაიწყო. იმავე პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ქალაქის მშენებლობასაც. რუსთავი საქართველოს უმთავრესი სამრეწველო ქალაქია თბილისის შემდეგ. ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა რუსთავის პარკი, სადაც დასვენებისთვის საუკეთესო სივრცეა მოწყობილი კალათბურთის, ფეხბურთის და ფრენბურთის მოედნებით, სკეიტ-პარკით, ხის დეკორატიული ფანჩატურებით, საპიკნიკე სივრცეებით, შადრევნებითა და ველოტრასებით. რუსთავის პარკში მდებაორებს V-VIII საუკუნეების რუსთავისციხე-სიმაგრე და ნაქალაქარი. ძალიან საინტერესოა რუსთავის ისტორიული მუზეუმი, სადაც ძვ. წ – ახ. წ. XVIII საუკუნეების ექსპონატებია დაცული. ქალაქში ყოველწლიურად იმართება სახალხო ზეიმი „რუსთავქალაქობა“ და საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ოქროს ნიღაბი“.

წყარო: georgiantravelguide.com

რუსთავს გაუმარჯოს!
რუსთაველებს სალამი!