ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გურიის მხარეში მდებარეობს. ადამიანის ცხოვრების კვალი აქ უძველესი დროიდან იწყება. რაიონის ტერიტორიაზე გამოვლენილია ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები და სახელოსნოები, როგორიცაა ვაკიჯვრის სახელოსნო და შემოქმედის ნამოსახლარი. ოზურგეთი ისტორიულ წყაროებში პირველად XVI საუკუნეში იხსენიება. იგი კულტურულად და ეკონომიკურად განვითარებულ რაიონს წარმოადგენდა შუასაუკუნეებში, რასაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მრავალი ტაძარი და ციხე-სიმაგრეც ადასტურებს. ქალაქი ოზურგეთი გვიანფეოდალურ ხანაში მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქი და გურიის მთავრების რეზიდენცია იყო. აქ აღმოჩენილია მონეტების განძი, 270 ვერცხლის მონეტა, რომელიც ოზურგეთის განძის სახელითაა ცნობილი. ოზურგეთი აღწერილი აქვთ იტალიელ მისიონერებს – დონ კრისტოფორო დე კასტელს, ანტონიო ჯარდინას, კლიმენტო გალიანოს, რომლებიც 1628-1640 წლებში სამისიონერო მოღვაწეობას ეწეოდნენ გურიაში. ოზურგეთი ცალკე რაიონი 1930 წელს გახდა. 1934 წელს მას რევოლუციონერი ფილიპე მახარაძის პატივსაცემად მახარაძის რაიონი ეწოდა, 1990 წელს კი კვლავ დაიბრუნა ოზურგეთის სახელწოდება. 2006 წლიდან მას მუნიციპალიტეტის სტატუსი აქვს. დღესდღეობით რაიონში ფუნქციონირებს თეატრი, 3 მუზეუმი, ბიბლიოთეკაბი და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუნიციპალიტეტში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მეციტრუსეობა, თხილი, სიმინდი, მეჩაიეობა. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აგრეთვე კვების მრეწველობას, ოზურგეთში არის სხვადასხვა პროფილის მცირე საწარმოები. ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურაც, განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპირო ზოლში. ტურისტულად მნიშვნელოვანი და პოპულარული ადგილია ასევე კურორტი გომისმთა. რაიონში მდებარე ისეთი კულტურულ-ისტორიული ძეგლები, როგორიცაა: შემოქმედის, ჯუმათის, აჭის და ლიხაურის ეკლესიები, ლიხაურის ციხე, ასკანის ციხე, ვაშნარის ნაქალაქარი და სხვა, დიდ ყურადღებას იქცევს და უამრავ მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს.
გეოგრაფია და კლიმატი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გურიის მხარეში მდებარეობს, მდინარეების – ნატანებისა და სუფსის ხეობებში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ოზურგეთი. მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 29 ტერიტორიული ერთეულისგან შედგება, ესენია: ქალაქი ოზურგეთი, ლაითური, ნარუჯა, ნასაკურალი, ურეკი, ასკანა, ბაილეთი, ბახვი, ბოხვაური გურიანთა, დვაბზუ, ვაკიჯვარი, თხილნარი, კონჭკათი, ლიხაური, მაკვანეთი, მელექედური, მერია, მთისპირი, ნაგომარი, ნატანები, სოფელი ოზურგეთი, სილაური, შემოქმედი, ცხემლისხიდი, ძიმითი, ჭანიეთი, ჯუმათი, შრომა. ოზურგეთს აღმოსავლეთით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, ჩრდილოეთით – ლანჩხუთი, სამხრეთით – აჭარა, დასავლეთით კი – შავი ზღვა. მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაღარულია მდინარეებითა და ხეობებით. ოზურგეთში მიედინება მდინარეები: სუფსა და ნატანები. რაიონის უმაღლესი ადგილია საყორნიას მთა (2756მ). მუნიციპალიტეტში მოიპოვება სასარგებლო წიაღისეული: ბეტონიტური თიხა, ნავთობი, კაოლინი, ოქრა, ჟანგმიწა, ცემენტი, წითელი რკინა, მინერალური წყლები და სხვა. ოზურგეთი გამოირჩევა მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით, ტერიტორიის დიდი ნაწილი უჭირავს ტყეებს. რაიონში გვხვდება: წაბლი, რცხილა, თხემლა, წიფელი, წყავი, მოცვი, მურყანი და ა.შ. აქაურ ტყეებში, ბინადრობს, დათვი, მგელი, ფოცხვერი, შველი, კურდღელი, კვერნა და სხვა. ფრინველთაგან გავრცელებულია: ძერა, ორბი, ჩხართვი, გარეული იხვი, ნიბლია, გულწითელა და ა.შ. გაზაფხულზე ასევე შემოდიან გადამფრენი ფრინველებიც: იადონი, მწყერი, ოფოფი, გვრიტი და მრავალი სხვა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 14,5°C-დან – 4°C-მდე მერყეობს. იანვრის საშუალო ტემპერატურაა +5°C-დან – 5°C-მდე, აგვისტოსი კი – +23°C-დან +13°C-მდე.
რა ვნახოთ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და საინტერესო კულტურული ძეგლებით. ტყეები, მთები და საოცარი ხედები შესანიშნავია ბუნებაში ხეტიალის მოყვარულთათვის. დიდი პოპულარობით სარგებლობს კურორტი გომისმთა, რომელიც ღრუბლების უკიდეგანო ზღვით, ნაძვნარითა და მშვენიერი გარემოთი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია ალპური მდელოებით გარშემორტყმული ჭინჭაოს ტბა, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. ოზურგეთში მრავალი მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლიც გვხვდება. აღსანიშნავია შემოქმედის მონასტერი, რომელიც ორ ტაძარს მოიცავს და გამორჩეულია ფერადოვანი მოპირკეთებითა, მხატვრობითა და სადა დეკორით, ლიხაურის მთავარანგელოზთა ეკლესია ლამაზი, დახვეწილი ჩუქურთმებით, აჭის ეკლესია, ჯუმათის ეკლესია, ასკანის ციხე, ლიხაურის ციხე, ისტორიული, უძველესი ციხე-ქალაქი შუხუთი და მრავალი სხვა. რაიონში ფუნქციონირებს 3 მუზეუმი: ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი და დვაბზუს ეთნოგრაფიული მუზეუმი. ოზურგეთის ისტროიულ მუზეუმში დაცულია 6000-ზე მეტი ექსპონატი, რომლებიც მოცავენ პერიოდს ძველი წელთაღრიცხვის IX ათასწლეულიდან დღემდე. არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში ნახავთ: გურიანთა-ვაშნარის V-VIII საუკუნეების ნაქალაქარის ნაშთებს, არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილ VI საუკუნის II ნახევრის მონასტრის ფრაგმენტებს, საფორტიფიკაციო ნაგებობების, ბაზილიკისა და მარტირიუმის ნაშთებს, ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილი ადრეანტიკური და ელინისტური ხანის ნამოსახლარებს, თიხის სარკოფაგებს, ქვევრ-სამარხებს, აბანოს. მუნიციპალიტეტში არის სამთო და ზღვისპირა კურორტები, სადაც კომფორტულ და სასიამოვნო დასვენებას შეძლებთ.
ოზურგეთს გაუმარჯოს!
ოზურგეთელებს სალამი!