რა ვნახოთ

მესტიის მუნიციპალიტეტი საქართველოს ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილია უძველესი კულტურითა და მკვეთრად გამოხატული იდენტობით. იგი უამრავ ტურისტს იზიდავს. ქართული ეთნო-კულტურის მნიშვნელოვანი ნიმუშია სვანური კოშკი, რომელიც გვხვდება როგორც საცხოვრებელ სახლზე მიდგული, ასევე ცალკე მდგომი. გრანდიოზული მწვერვალების ფონზე შეფენილი კოშკოვანი სოფლები დაუვიწყარ კადრებად დარჩება თქვენს მეხსიერებაში. გამორჩეულია სვანური ტაძრები, მათი მოხატულობა და ჭედური თუ ფერწერული ხატების შესანიშნავი ნიმუშები. განსაკუთრებით ცნომილია უშგულის ლამარია და კალის წმ. ივლიტასა და კვირიკეს მონასტერი, სადაც მეფის მხატვარ თევდორეს მხატვრობაა. აუცილებლად უნდა ეწვიოთ მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმსა და მესტიის მუზეუმს, სადაც ნახავთ უნიკალურ ოთხთავებს, ხატებს, სამკაულებს, ტრადიციულ სამოსსა და სხვადასხვა საბრძოლო თუ საყოფაცხოვრებო ექსპონატებს. მესტიის ბუნება კი ძალიან მდიდარია ულამაზესი ადგილებით, სადაც შეგიძლიათ როგორც კომფორტული დასვენება საოცარი ხედების მქონე სასტუმროებში, ასევე თავგადასავლებით სავსე ლაშქრობები კარვისა და კოცონის თანხლებით. დათოვლილი მწვერვალები, ჩანჩქერები, კლდეთა სამეფოში მოქცეული ტბები, ნიავით სავსე მინდვრები სამოთხეში გაგრძნობინებთ თავს. ეს მხარე ასევე მიმზიდველია სამთო სპორტის მოყვარულთათვისაც. საბოლოოდ კი მესტია არ უნდა დატოვოთ უგემრიელესი სვანური სამზარეულოს გასინჯვის გარეშე, რომლის მთავარი კერძიც კუბდარია.

წყარო: georgiantravelguide.com

მესტიას გაუმარჯოს!
მესტიელებს სალამი!