მესტიის შესახებ

მესტია დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. მას, ისევე როგორც მთლიანად სვანეთს, უძველესი ისტორია აქვს. მესტია გამორჩეულია საოცარი, ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. მომნუსხველი და დაუვიწყარია სვანეთის მშვენება, მწვერვალი უშბა, საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა, აზიდული კლდეებიდან გადმომდინარი ჩანჩქერები და ცასავით ლურჯი ალპური ტბები. ალბათ სწორედ ამ ცადაზიდულ მყინვარებსა და კლდეებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ გვყავდა „კლდის ვეფხვად“ წოდებული მიხეილ ხერგიანი და სხვა დიდებული სვანი მთამსვლელები. სვანური კოშკები, უნიკალური ტაძრები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ რელიგიური ნიმუშები ნამდვილად ძალიან საინტერესო, ინდივიდუალური და უდიდესი ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე ნაწილია მდიდარი და მრავალფეროვანი ქართული კულტურისა. აღსანისნავია, რომ სვანური კოშკები ცნობილ იაპონელ ანიმატორს, ჰაიაო მიაძაკის გამოყენებული აქვს თავის ერთ-ერთ ცნობილ ანიმეში – „ლაპუტა: სასახლე ცაში“. მესტია შესანიშნავი ადგილია მთაში დასვენების მოყვარულთათვის როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში. აქ ფუნქციონირებს სამთო-სათხილამურო კურორტები ჰაწვალი და თეთნულდი.

წყარო: georgiantravelguide.com

მესტიას გაუმარჯოს!
მესტიელებს სალამი!