ლაგოდეხი კახეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. იგი უძველესი ისტორიის მქონე ტერიტორიაზე აღმოცენდა, რომელიც ჯერ კავკასიის ალბანეთის შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ ჰერეთის ადრეფეოდალური ხანის ქართულ სახელმწიფოებრივ ერთეულში, შემდეგ კი დამოუკიდებელ ფეოდალურ სამთავროდ ჩამოყალიბდა. მოგვიანებით იგი რანთა და კახთა სამეფოს შემადგენლობაში იყო, ხოლო შემდეგ კახეთის სამეფოსთან ერთად ერთიანი ფეოდალური საქართველოს ნაწილი გახდა. ლაგოდეხი წყაროებში ცნობილია აგრეთვე ლაგოეთის, ლაკუათის და ლაკუასტის სახელწოდებით. იგი წყაროებში პირველად VIII ს-ში იხსენიება. რაიონის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, კერძოდ: მეთამბაქოეობა, მარცვლოვანი და ეთერზეთოვანი კულტურების წარმოება, მევენახეობა, მეხილეობა, მებაღჩეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა. აქ არის თამბაქოს საფერმენტაციო, ღვინის, ყველ-კარაქის ქარხნები, სხვა პროფილის მცირე საწარმოები. ლაგოდეხის ტერიტორიაზე გადის ლაგოდეხი-ზაქათალის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა. მუნიციპალიტეტში არის საშუალო პროფესიული სასწავლებელი, ბიბლიოთეკები, თეატრი და მუზეუმი. ლაგოდეხი გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებით. რაიონის ტერიტორიაზეა ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც მდიდარია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით, ჩანჩქერებით, ულამაზესი ტბებითა და საოცარი ხედებით. ლაგოდეხში მრავალ მხატვრული და ისტორიული კუთხით საინტერესო ტაძარსა და ციხე-სიმაგრეს ვხვდებით. ეს რაიონი თავისი ბუნებრივი თუ კულტურული რესურსებით უამრავ ტურისტს იზიდავს.
წყარო: georgiantravelguide.com
ლაგოდეხს გაუმარჯოს!
ლაგოდეხელებს სალამი!