მეორე ვერსიით მთისძირშისტუმრად მოსულ მეფეს გადაუხედავს დაბლობში გაშლილი ხოდაბუნებისთვის და აღფრთოვანებულს უთქვამს: ,,როგორ კვალებივით არის დაყოფილიო“ და ამის შემდეგ დაერქვა სოფელს კვალითი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სოფელი კვალითი შედგება ზედა შუა და ქვედა კვალითის უბნებისაგან. ამჯერად ყურადღება გვინდა შევაჩეროთ ზედა კვალითის უბანზე, რომელიც დღეს სოფელ ცხრაწყაროს თემს მიეკუთვნება და ოფიციალურ დოკუმენტებში მოიხსენიება, როგორც სოფელ ცხრაწყაროს ზედა კვალითის უბანი. სოფლის ეს ნაწილი XX საუკუნის 70-იან წლებამდე სოფელ კვალითს ეკუთვნოდა. უბანი საკმაოდ მოზრდილია მრავალრიცხოვანი მაცხოვრებლით. ცხრაწყაროს თემის ამ უბანში მდებარეობს ცხრაწყაროს საჯარო სკოლა,რომლის ისტორია 1928 წლიდან იწყება და მისი მდებარეობა ისე იყო შერჩეული,რომ რამდენიმე სოფელს ემსახურებოდა. თავდაპირველად ეს სკოლა დაწყებითი ყოფილა, შემდეგ რვაწლიანი, 1970 წლიდან კი საშუალო. სკოლა დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, როგორც შენობის, ისე ტექნიკური აღჭურვილობისა და კონტიგენტის გამო
დღეისათვის უბნის უპირველეს პრობლემად სოფლიდან მაცხოვრებელთა მიგრაცია მიგვაჩნია,რაც უმუშევრობით არის გამოწვეული. სოფლის სხვადასხვა უბნებში შეხვდებით სახლებს წარწერით ,,იყიდება“, იმის გამო, რომ მისი პატრონი ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთშია გადახვეწილიუ . უბნები დაცარიელებულია და სახლები დაკეტილი. ნეტავ როდის დადგება ის დრო მშობლიური უბნები ხალხით სავსე ვიხილოთ. ჩვენ,მომავალი თაობა,იმედს ვიტოვებთ,რომ ეს პრობლემა მოგვარდება და ემიგრანტები მშობლიურ ფესვებს დაუბრუნდებიან
ზედა კვალითის უბანს 1967 წლიდან ემსახურება საბავშვო ბაღი,რომელიც ბავშვთა კონტიგენტის ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა,მაგრამ რამდენიმე წლის უკან ბაღი დახურეს,მის შენობასა და ტერიტორიას კი გასხვისება დაუპირეს,მაგრამ იმ ,,უბრალო“ მიზეზის გამო.რომ შენობა დანგრეული ეკლესიის მასალისაგანაა აგებული, მისი ყიდვა ვერავინ გაბედა, სოფელმაც ხმა აღიმაღლა და ხალხის დაჟინებული მოთხოვნით 2012 წლის ბოლოს ბაღი აღადგინეს,თუმცა შენობა სასწრაფოდ უნდა კაპიტალურად შეკეთდეს. ან ახალი აიგოს, თორემ 22 ბავშვს ღია ცის ქვეშ ელოდაბა დარჩენა…
სოფელ კვალითში XX საუკუნის 30-იან წლებამდე 6 ეკლესია არსებობდა თავის მრევლით. მათგან გამორჩეული ყოფილა ზედა კვალითის(დანაეთის) წმინდა გიორგის ეკლესია,ტაძარი ხით ყოფილა ნაგები,რომელიც ქვის ამაღლებულ საფუძველზე მდგარა და მრგვალი აივნებითა და გუმბათით ყოფილა დამშვენებული.ტაძრის კურთხევა 1820 წელს მომხდარა. ამ ტაძრის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა უბნის უხუცესმა გიგა კაციტაძემ,რომელიც 90 წელს არის მიღწეული,მან საუბრისას გაიხსენა, ,, რომ ეკლესია 1937 წელს კომუნისტებმა და კომკავშირელებმა დაანგრიეს და ვინც ამ ეკლესიის დანგრევაში მონაწილეობა მიიღო მათ ოჯახებს საქმე ცუდად წაუვიდათო“,აქვე დაამატა, ,,ბაღის შენობა სწორედ ამ დანგრეული ეკლესიის მასალით არის აგებული“…
თუ როგორ გაჩნდა ტაძრის აშენების იდეა, ამის შესახებ გვიამბო,აღმშენებლის მამამ, ანატოლი გუმბერიძემ: ,,კობას უნდოდა სოფლის თავზე აღმართულ მაყვლარიანის მთაზე ჯვარი აღემართა , ბიძამ კი ურჩია ,ტაძარი აეშენებინა იქ, სადაც ,,დედაღვთისას“ სალოცავი ნიში იყო აღმართული და რომელიც მათ ეზო-კარმიდამოს ემიჯნებოდა. ადგილი მოიწონეს, შეიძინეს მესაკუთრისაგან და მშენებლობაც დაიწყო. ტაძარი 7 თვეში დასრულდა.2011წლის ღვთისმშობლობას აკურთხეს
დაგვაინტერესა ,,დედაღვთისას“სალოცავი ნიშის ისტორიამ და უბანში ამ სალოცავის შესახებ ინფორმაცია მოვიძიეთ,ქალბატონმა მერიკო გუმბერიძემ შემდეგი გვიამბო: ,, სალოცავი, ქვაში გამოკვეთილი ნიში,ჯერ კიდევ ჩემი მშობლების დროიდან არსებობდა,და მდგარა სწორედ იმ ადგილას, სადაც დღეს ტაძარი არის აგებული. ქვის ნიში დაახლოებით 170 სმ სიმაღლის ყოფილა,კოლექტივიზაციის დროს სალოცავის მახლობლად დასახლებულა გრიგოლ გუმბერიძის ოჯახი,სალოცავის ადგილი ,,უღმერთო კომუნისტებმა“ ამ ოჯახს საკარმიდამოდ მისცა,დროთა განმავლობაში ,საბჭოთა ხელისუფლების მომძლავრების შემდეგ, სალოცავი ნიში დაიკარგა… სოფლის მაცხოვრებლები ნიშის ადგილას სანთლებს ჩუმად მაინც ანთებდნენ და ამით თაყვანს სცემდნენ უძლიერეს სალოცავს.მოგვიანებით სალოცავი ქვა ისევ თავის ადგილზე დააბრუნეს…ღვთის რისხვა იყო თუ ბედის ირონია არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, აღნიშნული ოჯახი ისე განადგურდა, რომ ერთი ქალიშვილი დარჩათ,რომელმაც ადგილი ეკლესიას დაუბრუნა…
დედაღვთისას სალოცავი ნიშის ფრაგმენტი,რომელიც ტაძრის ეზოშია დაცული
დაგვაინტერესა ნიშის ისტორიამ, თუ როდიდან იყო ის უბნის სალოცავი,სოფლის მკვიდრმა.გოჩა გუმბერიძემ .გვიამბო: ,, ბავშვობაშო დიდი ბაბუა ხშირად გვიყვებოდა ძველ ამბებს სალოცავებსა და მათთან დაკავშირებულ სასწაულებზე, დედაღვთისა უძლიერესი ყოფილა. ის ოჯახისა და შვილოსნობის მფარველად ითვლებოდა და თურმე მან(ბაბუაჩემმა) ამის შესახებ თავისი დიდი ბაბუისაგან იცოდა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბაბუაჩემი 1891 წელს იყო დაბადებული,ლოგიკურია, რომ დედაღვთისას სალოცავი დაახლოებით XVIII-XIX საუკუნის მიჯნას უნდა განეკუთვნებოდეს“ ქალბატონმა მერიკომ ისიც აღნიშნა რომ სოფელში ტრადიციულად წმინდა გიორგის დღესასწაულს აღნიშნავდნენ,რომელიც 23 ნოემბერს დანაეთის წმინდა გიორგის ტაძარში იწყებოდა და უბანში დიდი სტუმრიანობით მთავრდებოდა… დღეს-დღეობით ნელნელა იწყებს დამკვიდრებას ღვთისმშობლობის დღესასწაული… ბოლოს ქალბატონმა ერთი საიდუმლოც გაგვიმხილა: ,,ახალგაზრდობაში კარგი მომღერალი ვიყავი და ერთ ,,პესნს“ ახლაც გიმღერებთო“…
ზედა კვალითის უბანს შუა კვალითისაგან პატარა ნაკადული ჰყოფს, რომელსაც მკვიდრნი ,,აბანოს ღელეს“უწოდებენ,იმის გამო ,რომ მის სათავეში ორი სამკურნალო აბანოს წყარო მოიპოვება. ერთერთ მათგანს ,,ილიას აბანოს“ ეძახიან და მისი წყალი ,,უებარი საშუალება“ არის, როგორც გარეგანი(კანის), ისე შინაგანი ორგანოების სამკურნალოდ. აღნიშნული აბანოს მიმდებარე ტერიტორიის მეორე მხარეს, დღესაც არსებობს აბანო სირდაძეების უბანში, რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან ფუნქციონირებდა, როგორც სამკურნალო დაწესებულება.აღნიშნული აბანოს შესახებ მასალების მოსაპოვებლად სირდაძეების უბნის ასაკოვნებს ვესტუმრეთ
ბატონმა ოთარ სირდაძემ, რომელიც 90 წლისაა, აბანოს შესახებ შემდეგი გვიამბო: ( მან სურათის გადაღება არ ისურვა) ,,აბანო აღმოუჩენია ჩემს დიდ ბებიას მაია ნებიერიძეს,რომელიც ცხრაწყაროდან იყო გამოთხოვილი, მას ტყეში ფიჩხის შეგროვების დროს ყურადღება მიუქცევია წყაროსთვის, რომლის ირგვლივ ქვაც და მიწაც სულ სხვა ფერის ყოფილა და წყალსაც უცნაური, ,,ლაყე კვერცხის“ სუნი ჰქონია. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო საუკეესო სამკურნალო წყალი სახსრებისა და შინაგანი ორგანოებისათვის. იმდროში აქ უბრალო შენობა აუგიათ და აბაზანები მოუწყვიათ…
ამ დროიდან მოყოლებული, აღნიშნული აბანო, უბნის შემოსავლის წყაროდ ქცეულა, დამსვენებლები მას სირდაძის აბანოს უწოდებდნენ და დღესაც ამ სახელით არის ცნობილი…. ამ უბანსაც სირდაძეების უბანი ჰქვია…ის მრავალრიცხოვანი მოსახლეობით გამოირჩეოდა.“ ისიც გვინდა აღვნიშნოთ,რომ სირდაძეების გვარი, სხვა ორ გვართან (ხუსკივაძე და გუნცაძე) სუფთა კვალითურია… XX საუკუნის 80-იან წლებში აბანოს სამკურნალო მნიშვნელობას ყურადღება მიაქციეს და მთავრობის გადაწყვეტილებით აბანომდე ასფალტის საფარიანი გზაც მიიყვანეს და სანატორიუმის მშენებლობაც დაიწყეს, რომლის დასრულებას უბნის მკვიდრნი სიხარულით მოელოდნენ, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა… შენობა არ დასრულდა, იმის გამო რომ დრო შეიცვალა… დღეს აღნიშნული შენობა გავერანებული და გატიელებულია…
დასრულების პროცესში მყოფი სანატორიუმის შენობა დღეს ასე გამოიყურება
უბანი,სადაც ერთ დროს ცხოვრება დუღდა, დაცარიელებულია.ამ პრობლემის შესახებ გულისტკივილით ისაუბრა ქალბატონმა ლამარა მახათაძემ: ,,სოფლიდან ქალაქში მოსახლეობის მიგრაციას მთავრობაც უწყობს ხელს იმით, რომ სოფლიდან ქალაქის სკოლაში წასასვლელად ბავშვებს ავტობუსი დაუნიშნეს,მაშინ როცა ქალაქის სკოლასთან შედარებით სოფლის სკოლა ორჯერ უფრო ახლოს არის და ავტობუსი მასაც ემსახურება.სოფლის სკოლები კი ამის გამო კონტიგენტის ნაკლებობას განიცდიან,ქალაქის სკოლის კლასები კი ბავშვებით არის გადატვირთული…“ აღნიშნული უბნის სატკივარით გულდამძიმებული წამოვედით ბატონი ოთარიდან და ქალბატონი ლამარადან. გზად გვხვდებოდა მიტოვებული სახლები და ორღობედ ქცეული შარაგზა,რომელზეც ადრე მანქანები დაქროდნენ. უბანი დღეს საცოდავად გამოიყურება,ჩაბნელებული ოდებითა და მორღვეული ღობეებით…
მოვდიოდით და ვფიქრობდით: ,,ღმერთო შეეწიე ჩვენს ლამაზ სოფელს,მშრომელ ხალხს, რომლებმაც ჩვენამდე მოიტანეს თავიანთი წარსული, რომლებიც გულისტკივილით საუბრობენ იმ პრობლემებზე( უგზოობა და უგაზობა),რომელიც დღეს მათ ტკივილად ქცეულა და იმედით შეჰყურებენ მომავალს, რომლის შემქმნელებად ჩვენ, მომავალი თაობა ვესახებით, მოვდივართ და იმედს ვიტოვებთ რომ მოგვიწევს ისეთ საქართველოში ცხოვრება , რომელშიც საშუალება გვექნება ჩვენი ოცნებები რეალობად ვაქციოთ.!!! P.S მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ სირდაძის აბანო და მშენებარე სანატორიუმის შენობა რაიონის დეპუტატს,ბატონ გოგი ქავთარაძეს მოუნახულებია, რა მიზნით ვერ დავადგინეთ… იმედი გვაქვს ღვთის შეწევნითა და კეთილი ადამიანების ნებით, ,,სირდაძის აბანოს“ რაიმე ეშველება…
გამოყენებული მასალა
1.გ.ჯაოშვილი-ზესტაფონი-გამომცემლობა ,,განათლება“ თბილისი 1991 წელი
2. სოფელ კვალითში მცხოვრები უხუცესი რესპოდენტები: ლერი ბიწაძე, ოთარ სირდაძე, ლამარა მახათაძე, გიგა კაციტაძე,მერიკო გუმბერიძე
3. ჩანაწერები–ამოღებული საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან კ 266(3)272 გვ.17. გვ.19
ზესტაფონს გაუმარჯოს!
ზესტაფონელებს სალამი!