ვანი – ქალაქი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.
ვანი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 60 მ, რეგიონის ცენტრ ქ. ქუთაისიდან მდებარეობს 41 კმ-ში, თბილისი-ლესელიძე-სენაკის ცენტრალური მაგისტრალიდან დაშორებულია 22 კმ-ით, რკინიგზის სადგურ „სამტრედიიდან“ 25 კმ-ით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან – 35 კმ-ით; უახლოეს პორტამდე „ფოთი“ მანძილი შეადგენს 80 კმ-ს.
სახელწოდება „ვანი“ აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის განმარტებით, ძველ ქართულად ნიშნავდა „სახლს“, „სადგურს“, „დაბას“, „საცხოვრებელს“. ანტიკურ ხანაში აქ მდებარეობდა ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელმაც აყვავებას ძვ. წ. III-I სს-ში მიაღწია. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული უძველესი არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებით თარიღდება და კერამიკული ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი.
ვანის ტერიტორიაზე შემორჩენილია გვიანი შუასაუკუნეების ციხის ნანგრევები: „საჩინოს ციხე“ და „სებეკას ციხე“, ასევე ჩიჯავაძეების კარის ეკლესიის მცირე ზომის ნანგრევები.
ქ. ვანში არის ვანისა და ბაღდათის ეპარქიის რეზიდენცია. ეპარქია მოიცავს ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს. ეპარქიის შემადგენლობაში შედის 22 მოქმედი ეკლესია.
ქალაქში არის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური მუზეუმი (რომელიც დაარსდა 1985 წლის 25 სექტემბერს) და ვანის არქეოლოგიურ მუზეუმი, სადაც ინახება 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა. ვანში მდიდრული სამარხების გათხრების შედეგად ნაპოვნი ოქროს ნივთების საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ.). ვანში ასევე არის სახვითი ხელოვნების მუზეუმი.
2010 წელს ვანის ცენტრში გაიხსნა წმინდა ნინოს მშობლების – ზაბულონისა და სოსანას სახელობის ტაძარი.
ვანში მოქმედებს სახალხო თეატრი, რომელიც 600 მაყურებელზეა გათვალისწინებული.
ყოველი წლის 2 ივნისს ვანში ტრადიციულად აღინიშნება სახალხო დღესასწაული „ვანელობა“. ამ დღეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს ენიჭებათ საპატიო ვანელის წოდება.
ქ. ვანის ეკონომიკის ძირითადი მიმართულებებია სოფლის მეურნეობა (მეხილეობა, მებოსტნეობა, მესაქონლეობა, მემინდვრეობა, სუპ-ტროპიკული და კენკროვანი კულტურების მეურნეობა) და ტურიზმი.
წყარო: gda.ge
ვანს გაუმარჯოს!
ვანელებს სალამი!