დუშეთის პარკი

დუშეთის პარკი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ის მდებარეობს დუშეთის ცენტრში და სხვადასხვა ჯიშის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეებისგან შემდგარი ორი გრძელი, მართკუთხა ნაკვეთისა და მათ შორის გამავალი ფეხით მოსიარულეთა ფართო ბულვარისგან შედგება.

დუშეთის ეს ადგილი ისტორიულადაც გაუნაშენიანებელი იყო, პლატონ იოსელიანის აღწერის თანახმად ქალაქის შუაგულში, დუშეთის ციხესიმაგრის პირდაპირ, გაშლილი ვრცელი ტერიტორია მე-19 საუკუნემდე იპოდრომს წარმოადგენდა, 1859 წელს კი მართლმადიდებელი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, არქიტექტორ გრ. ივანოვის პროექტის მიხედვით დაიწყო წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ეკლესიის მშენებლობა, რომელსაც რუსული საეკლესიო არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ფორმები ჰქონდა. ტაძარი ამ ტერიტორიაზე მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე იდგა.

დუშეთის პარკის ტერიტორიას ფიქალითა და რიყის ქვით ნაშენი ზღუდის დაბალი კედელი ფარგლავს, რომელსაც ზედაპირზე ბაზალტის თლილი, მოზრდილი კვადრები შემოუყვება. ბულვარის თავსა და ბოლოში, ზღუდისავე სიმაღლის, ორფრთიანი ჭიშკარია შებმული. ღეროებისა და რგოლებისგან შემდგარი ჭვირული რკინის ჭიშკარი შუა ნაწილში რკალურად არის ამოზიდული; კიდეებში კუტიკარებია ჩართული. კარის ნაპირებში, ზღუდის კუთხის თლილ ქვებს დაბრტყელებული პირამიდის ფორმა აქვს.

პარკის დასავლეთი ნაწილში მხოლოდ ხეები დგას, აღმოსავლეთ ნაკვეთზე კი რამდენიმე ნაგებობაა განაწილებული: შუა ნაწილში 1989 წელს აშენებული გუმბათიანი ეკლესია დგას; შენობა, რომლის პროტოტიპად დუშეთის რ-ნის ფუძნარის ეკლესიაა აღებული, აგურითა და ბეტონით არის ნაშენი. მისგან ჩრდილოეთით უფრო მოგვიანებით აშენებული, ხისტი ფორმების მქონე აგურის სამრეკლოა, რომელსაც მაღალ კუბურ ძირზე დადგმული ვიწროყელიანი, წაწვეტებულსახურავიანი ფანჩატურის სახე აქვს. პარკის ამავე ნაწილის ჩრდილოეთ ნაპირთან ახლოს კი 1970-იანი წლების მსუბუქი პავილიონი დგას _ ეს ბეტონის ნაგებობა წრეზე განლაგებულ სვეტებზე დაყრდნობილი ბრტყელი, დიდნაშვერიანი სახურავით სრულდება, რომელსაც სვეტებს შორის გადაყვანილი შეისრული თაღები და დანარჩენი ორი მხარის ნახევართაღებით შექმნილი ლოტოსისებური კონსტრუქცია იჭერს.

პარკი და ბულვარი დუშეთის მნიშვნელოვანი ფასეულობაა.

წყარო: histowns.ge

დუშეთს გაუმარჯოს!
დუშეთელებს სალამი!