დმანისის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის მხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი უძველესი დროიდან იწყება. აქ ცხოვრობდნენ პირველი ევროპელები, ზეზვა და მზია, 1.8 მილიონი წლის წინ. დმანისში გამოვლენილია ასევე გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ფენები. სოფელ ყარაბულახთან ახლოს მდებარეობს ზურტაკეთის ყორღანებიც, რომელიც თრიალეთის კულტურას მიეკუთვნება და უნიკალურია თავისი პეტროგლიფებით. ისტორიულ წყაროებში დმანისი პირველად VI საუკუნეში იხსენიება. სახელწოდება „დმანისი“ ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, იგივე „დბანისი“ უნდა იყოს და მისი აზრით, იგი „დაბის“ ან „დაბებისგან“ არის წარმოქმნილი. დმანისის მუნიციპალიტეტი ისტორიული რეგიონების – ზურტაკეტისა და დმანისხევის ტერიტორიებს მოიცავს. განვითარებულ შუასაუკუნეებში იგი სამეფო საკუთრებას წარმოადგენდა. დმანისი მთელ ქვემო ქართლთან ერთად ხანგრძლივი დროით იყო სხვადასხვა დამპყრობლის ბატონობის ქვეშ, თუმცა, მიუხედავად ამისა, სწრაფად ხდებოდა ეკონომიკისა და კულტურის აღორძინება და რაიონის ტერიტორიაზე მრავალი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლია შემორჩენილი. დმანისი ცალკე რაიონი 1933 წელს გახდა. დღესდღეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს თეატრი, 21 ბიბლიოთეკა, გამოდის ადგილობრივი გაზეთი. რაიონში განვითარებულია სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა. წამყვანი დარგებია მეკარტოფილეობა და მეცხოველეობა. ასევე მოჰყავთ ხორბალი, სიმინდი და ბოსტნეული. დმანისის რაიონი ბუნებითა და ისტორიული ძეგლების სიმრავლით უამრავ ტურისტს იზიდავს. ულამაზესი გარემო, პატარა ტბები, შუასაუკუნოვანი ტაძრები და რა თქმა უნდა, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ.
წყარო: georgiantravelguide.com
დმანისს გაუმარჯოს!
დმანისელებს სალამი!