დმანისის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის მხარის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი დმანისი. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან წალკის რაიონი ესაზღვრება, აღმოსავლეთით – თეთრიწყარო და ბოლნისი, დასავლეთით კი – ნინოწმინდა. დმანისის მუნიციპალიტეტი მოიცავს შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებს: ქ. დმანისი, ამამლო, განთიადი, გომარეთი, გუგუთი, დიდი დმანისი, დმანისის თემი, ირგანჩაი, იფნარი, კამარლო, ყარაბულაღი, ყიზილქილისა, მაშავერა, ოროზმანი, საკირე, სარკინეთი. რაიონის დასავლეთ ნაწილში ჯავახეთის ვულკანური ქედი მდებარეობს, სამხრეთით ლოქის ქედია განფენილი, კვირიკეთისა და შინდლარის მთიან მასივებს შორის გომარეთის პლატოა მოქცეული. მდინარე მაშავრის ზემო დინების აუზში კი დმანისის პლატო მდებარეობს, რომელიც შინდლარის მასივით, ლოქის ქედითა და ჯავახეთის ქედის კალთებითაა შემოფარგლული. მუნიციპალიტეტს ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელი ახასიათებს. რაიონის მთავარი მდინარეა მაშავერა. დმანისის ტერიტორიაზე გვხვდება ტბებიც (კაინეგოლის ტბა, კარაგოლის ტბა, ჭოჭიანის ტბა, ჭამლიგოლის ტბა, იალაგოლის ტბა, პანტიანის ტბა და ა.შ). მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. რაიონის ტყეებში გვხვდება: აღმოსავლური წიფელი, მუხა, ფიჭვი, ნეკერჩხალი, ცირცელი, წიფელი, კლდის ქსეროფიტები და მრავალი სხვა. აქ ბინადრობენ: მგელი, მელა, ტყის კატა, კურდღელი, შველი, მურა დათვი, გარეული ღორი, გნოლი, კაკაბი, ტყის ქათამი, ხოხობი და ა.შ.
დმანისის მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო ჰავაა, ხანგრძლივი, ცივი ზამთრითა და თბილი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურა დასავლეთ ნაწილში 3°C, აღმოსავლეთ ნაწილში კი – 12°C. იანვრის საშუალო ტემპემპერატურა –10°C-დან –2°Cმდეა, ივლისისა კი – 13°C-დან 23°C-მდე.
წყარო: georgiantravelguide.com
დმანისს გაუმარჯოს!
დმანისელებს სალამი!