გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი — ქართული დრამატული თეატრი ქალაქ გორში. დაარსდა 1845 წელს.
ისტორია
გორში პირველი სცენისმოყვარეთა წარმოდგენა XIX საუკუნის 40-იან წლებში გაიმართა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი ცდები თეატრის ჩამოყალიბებისა. 1845 წლის 1 და 8 მაისს, 11 ივლისს და 7 აგვისტოს დაუდგამთ დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის კომედია „გამოუცდელობა, ანუ დროებით განშორება სიყვარულისა“.
1874 წელს გორში იქმნება „სცენისმოყვარეთა წრე“. მათი პირველი წარმოდგენა („ძუნწი“) საზოგადო საკრებულოს პატარა დარბაზში გაიმართა. 1875 წელს დაიდგა გიორგი ერისთავის კომედია „უჩინმაჩინის ქუდი“ და ი. ერისთავის მიარ გადმოკეთებული კომედია „ძალად ექიმი“.
1876 წელს „სცენისმოყავრულთა წრე“ იშლება და იქმნება „სცენის მოყვარულთა საზოგადოება“.
თვალში საცემია ის, რომ გორის სასცენო ხელოვნებაში მრავალი ქალი მონაწილეობდა, მაშინ როდესაც სხვაგან და თბილისშიც ასეთ საქმიანობას ერიდებოდნენ.
1890-იან წლებში, გორში ყოველწლიურად 3-4 სპექტაკლი იმართებოდა. ამ პერიოდში გორელმა მაყურებელმა იხილა: ავქსენტი ცაგარელის „ბაიყუში“, რაფიელ ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, გ. ერისთავის „ძუნწი“, „ხორველობა“, ვ. გუნიას „რაც არ მერგება, არ შემერგება“, ზურაბ ანტონოვის „ქოროღლი“, და ნატალია აზიანის „ინჯილერი ან დოხტური“.
1934 წლიდან გორის აღმასკომი შეუდგა სათეატრო შენობის აგებას, რადგან არსებული შენობა ქალაქის მოთხოვნილებებს აღარ აკმაყოფილებდა. მაყურებელი თეატრის შენობას ითხოვდა. 1939 წლის დასასრულს გორში უკვე მთავრდებოდა ახალი 500 ადგილიანი შენობა. შენობის პროექტი ეკუთვნოდა შალვა თავაძეს. თეატრის ახალი შენობა გაიხსნა 1939 წლის 21 დეკემბერს. ხოლო პირველი წარმოდგენა ახალ სცენაზე წარმოდგენილი იყო 1940 წლის 30 იანვარს — იოსებ გედევანიშვილის დრამა „გადასასვლელზე“. რეჟისორი პ. ფრანგიშვილი მხატვარი — ა. ჟორდანია.
1947 წელს თეატრს გიორგი ერისთავის სახელი მიენიჭა.
თეატრის რეპერტუარშია ქართველ და საზღვარგარეთელ დრამატურგთა პიესები. თეატრის წარმატებაში წვლილი მიუძღვის მსახიობებს: თ. აბაშიძეს, შალვა ხერხეულიძის, ეთერი მოციქულაშვილს, ნ. მაჭავარიანს, ს. კალანდარიშვილს და სხვებს, რეჟისორებს: ა. ალაზნისპირელს (თეატრის პირველი რეჟისორს),გ.აბრამიშვლს, პ. ფრანგიშვილს, ვასო ყუშიტაშვილს, ო. ალექსიშვილს. ლილი იოსელიანს, ი. კაკულიას, გ. ლაღიძეს, გ ლორთქიფანიძეს, ვ. მაღლაკელიძეს, ს. ვაჩნაძეს და სხვებს.
დიდი სცენა 400 ადგილია, მცირე სცენა — 123 ადგილიანი, ხოლო ექსპერიმენტული სცენა — 80 ადგილიანია.
გორს გაუმარჯოს!
გორელებს სალამი!