ახალციხის შესახებ

ახალციხის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს. ადამიანის ცხოვრების კვალი რაიონის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან იწყება, რასაც არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ქვის ხანის იარაღები ადასტურებს. აქ ასევე აღმოჩენილია ძვ.წ. III ათასწლეულის ნამოსახლარები და სამარხები. ახალციხეს დიდი პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა შუასაუკუნეებშიც, რაც მისმა სტრატეგიულმა მდებარეობამაც განაპირობა. მკვლევართა აზრით ახალციხეს ძველად ლომსია ერქვა. მუნიციპალიტეტის ცენტრი, ქალაქი ახალციხე (მაშინდელი ლომსია) XI საუკუნის ომების დროს დაინგრა. XII საუკუნეში სამცხის ათაბაგებმა – ჯაყელებმა – ქალაქი აღადგინეს და ამ ადგილს ახალციხე ეწოდა. ისტორიულ წყაროებში ახალციხე XII საუკუნიდან იხსენიება. იგი ცალკე რაიონი 1930 წელს გახდა. დღესდღეობით ახალციხეში ფუნქციონირებს სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, ბიბლიოთეკები, სამუსიკო სკოლა და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. რაიონში ეკონომიკის წამყვანი დარგი მრეწველობაა, აქ არის მოპოვებითი და გადამამუშავებელი მრეწველობის მცირე საწარმოები. მუნიციპალიტეტში ასევე განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მეხილეობა, მევენახეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა. ახალციხეში თავს იყრის თურქეთიდან და სომხეთიდან მომავალი გზები. რაიონი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, როგორიცაა: აქატი, დიატომიტი, მურა ნახშირი, თაბაშირი და სხვა. ახალციხეში მრავალი საინტერესო ისტორიულ-კულტურული ძეგლი გვხვდება, ეს რაიონი ბუნების სილამაზითაც გამოირჩევა, ეს ყველაფერი მას ტურისტულად ძალიან მიმზიდველს ხდის. უძველესი ტაძრები და ციხე-სიმაგრეები დიდი პოპულარობით სარგებლობს და ახალციხეს ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს.

წყაროgeorgiantravelguide.com

ახალციხეს გაუმარჯოს!

ახალციხელებს სალამი!