ახალციხის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს, ახალციხის ქვაბულში, უჭირავს მტკვრისა და ფოცხოვის ხეობები. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახალციხე. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ბორჯომი და ხარაგაული ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან – ასპინძა, დასავლეთიდან – ადიგენი, სამხრეთით კი – თურქეთის რესპუბლიკა. რაიონისთვის დამახასიათებელია რთული რელიეფი, აქ გვხვდება მოვაკებული ტერასები, ხეობები, მცირე ქვაბულები, გორაკ-ბორცვები და ვულკანური მთები, რომლებიც 950 მეტრიდან 2964 მეტრამდეა განლაგებული. ახალციხის მთავარი მდინარეებია მტკვარი და ფოცხოვი. რაიონი მდიდარია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. აქ მცენარეთა საფარის სამი ძირითადი ზონა გვხვდება: გარდამავალი ტყესტეპის, მთის ტყისა და მდელოსი. ტყვეებში გვხვდება ნაძვნარ-სოჭნარი, ფიჭვნარი, ღვია, შავჟაგა, ზღარბა და ა.შ. ახალციხეში ცხოველთა სამყაროც მრავალფეროვანია, გავრცელებულია: ირემი, არჩვი, შველი, გარეული ღორი, დათვი, მელა, ფოჩხვერი, გარეული კატა, კურდღელი, ქედანი, მწყერი, კავკასიური როჭო და მრავალი სხვა. მუნიციპალიტეტში მოიპოვება მინერალური წყლები და სხვა სასარგებლო წიაღისეული.
ახალციხის მუნიციპალიტეტის უმეტეს ნაწილში მთიანეთის სტეპების ჰავაა, ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 3,8 °C, აგვისტოსი კი – 20,5 °C. უფრო მაღალ ზონაში ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურზე გარდამავალი ჰავაა. ერუშეთის ქედის თხემურ ზოლში კი მთიანეთის სტეპების ჰავაა, მოკლე ზაფხულითა და ცივი ზამთრით.
წყარო: georgiantravelguide.com
ახალციხეს გაუმარჯოს!
ახალციხელებს სალამი!